თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის გახმაურებული საქმე გახსნილია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
სამართალდამცველებმა, გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. კერძოდ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს, თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს - გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, სიკვდილს გადაურჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოების და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დადგინდა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელიც 2020 წლის 24 იანვარს თბილისში, ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.
განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს"- განაცხადა შს მინისტრის პირველმა მოადგილე კახა საბანაძემ ბრიფინგზე.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გუგეშაშვილებზე შეიარაღებული თავდასხმა დიღმის მასივში მოხდა, რა დროსაც თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა.