„ნაციონალურ მოძრაობას“ ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რას აკეთებდნენ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა „POSTV“-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად.
სუბარი აქცენტს აკეთებს C ჰეპატიტის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე და „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციას უკავშირებს. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს პატიმრებისთვის C ჰეპატიტის სკრინინგი აიკრძალა.
„ატეხეს ხმაური C ჰეპატიტზე და ისიც კი სცადეს, თითქოს მათი დაწყებული იყო და ჩვენ შევანელეთ. როგორც კი სტრასბურგის სასამართლოში პირველი ოთხი საქმე წააგეს და სახელმწიფოს ამ პატიმრებს მკურნალობა დაევალა, მათ აკრძალეს ციხეში სკრინინგი, პატიმრის გამოკვლევა C ჰეპატიტზე და ჰეპატიტზე საერთოდ. ადამიანს 100%-ით რომ სცოდნოდა, რომ აქვს ეს დაავადება, სასამართლოში ვერ წავიდოდა იმიტომ, რომ საბუთი ვერ ექნებოდა. როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ და მე ვიყავი სასჯელაღსრულების პირველი მინისტრი, მე და არჩილ თალაკვაძემ პირველივე თვეში დავიწყეთ სკრინინგი და 50 % პატიმრებისას აღმოაჩნდათ C ჰეპატიტი. ეს იყო20 ათასიდან 10 ათასი პატიმარი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სუბარმა წინა ხელისუფლების დროს ციხეში პატიმრების მდგომარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თითოეულ პატიმარზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რის გამოც პატიმრებს ადამიანებთან საუბარიც კი უჭირდათ. მაგალითად მოჰყავს თავისი ძმა და ამბობს, რომ მას ორი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ალაპარაკებულიყო. აქცენტს აკეთებს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მყოფ პატიმრებზე და ამბობს, რომ დღეს მდგომარეობა მკვეთრად გამოსწორებულია. მაგალითად მოჰყავს ავჭალის არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც თითოეული არასრულწლოვანი თავს თავისუფლად გრძნობს.
სუბარი ყურადღებას ამახვილებს წინა ხელისუფლების დროს არსებულ არარეალურ სასჯელის ზომაზეც. მაგალითებად მოჰყავს 18 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 6 საბურავის ქურდობისთვის 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, ასევე კაკლის ქურდობისთვის გასამართლებული 14 წლის მოზარდი, რომელსაც 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს
„6 საბურავის ქურდობისთვის 18 წლის ბიჭს 18 წელი მიუსაჯეს. ლოგიკა იყო ასეთი - მართალია, ეს ერთი ქურდობაა, მაგრამ იმ სარდაფში, სადაც შეაღწია, ექვს საბურავს ერთად ხომ ვერ გამოიტანდაო და ორ-ორი გამოიტანაო. სამი ეპიზოდი შეუკერეს და ეს იყო 18 წელი. მეორე 14 წლის იყო, როცა დაიჭირეს და 18 წლის ხდებოდა, როცა გამოვუშვი. 4 წელი მიუსაჯეს კაკლის ქურდობისთვის, რომლის ექსპერტიზაც კი ჩატარდა, არ დაიზარეს და 15 ლარად შეფასდა ამ კაკლის რაოდენობა. მეზობლის კაკლის ხიდან ჩამობერტყა. ეს იყო მათი სასამართლო სისტემა და სამართალი, თუ შეიძლება ამას სამართალი ერქვას. მე როდესაც გავხდი სასჯელაღსრულების მინისტრი, ორიოდე კვირაში გამოვუშვი ის ბავშვი გარეთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.