ავტორი ბიძინა დვალი
დეჟავუ - ღია წერილი ამერიკელ ხალხს და ზოგიერთ კონგრესმენს...
ამ სავალდებულო და მრავლისმთქმელი შესავლის შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავალ: ბატონო ამერიკელო კონგრესმენო პიტ ოლსონ, ბოღმით და ღვარძლით სავსე თქვენი ე.წ. წერილი ანალიზს არ ექვემდებარება, ამიტომ პირდაპირ შეფასებით დავიწყებ - შეგიძლიათ იპოვოთ ათი განსხვავება, საქართველოს მიმართ თქვენი და ცნობილი საბჭოთა ლიდერის, სუსლოვის დამოკიდებულებებს შორის? ერთსაც ვერ იპოვით, რადგან თქვენც, მასსავით, დაავადებული ხართ „უფროსი ძმის“ მძიმე სენით და ამის საბუთი პოლიტიკისგან შორს მყოფი თქვენი საჯარო განცხადებებია. თქვენგან განსხვავებით, ქართველები ამერიკელებში ძლიერ მეგობრებს ხედავენ და თქვენისთანების გამო ხანდახან ჩნდება ხოლმე ეჭვები, თავს ხომ არ ვიტყუებთო?.. ღმერთმა დაგვიფაროს.
ახლა მე გეტყვით, რა განსხვავებაა იმ ავადსახსენებელ საბჭოთა დროსა და დღევანდელობას შორის: განსხვავება ისაა, რომ მე, როგორც საქართველოს მოქალაქემ და ეროვნული ღირსების მქონე ადამიანმა, შემიძლია მოვითხოვო, რომ უნდა კეთილი ინებოთ და ბოდიში მოიხადოთ ქართველი ხალხის წინაშე, რადგან თქვენ უაპელაციოდ დაარღვიეთ როგორც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის, ისე მეგობრობის ყველანაირი წესები. თუ თქვენ არ აღმოგაჩდებათ შეცდომის აღიარების ძალა და უნარი, დავიტოვებ უფლებას, ვთქვა, რომ თქვენ არა ხართ ამერიკა, თქვენ ხართ, უბრალოდ, ისეთივე „დერჟიმორდა“ მბრძანებელი, როგორიც ქართველთმოძულე სუსლოვი იყო, რომელიც „უმცროსი ძმისთვის“ თავზე ხელის წამორტყმით იკმაყოფილებდა ავადმყოფურ ვნებებს.
რაც შეეხება სხვა, ბოლო დროს ეპისტოლური ჟანრით(?) გატაცებულ ზოგიერთ კონგრესმენს... მათ „ნააზრევში“ გამოთქმული შეფასებები შეიცავს უამრავ ფაქტობრივ უზუსტობას ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომლებზეც, როგორც პრობლემებზე, ცდილობენ ყურადღების გამახვილებას. ამ შემთხვევაში სამი რამ შეიძლება ვიფიქროთ და ვივარაუდოთ:
1) არ ფლობენ ინფორმაციას, ან ცალმხრივად არიან ინფორმირებული - ორივე შემთხვევაში კომპეტენციის ნაკლებობასთან და უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე;
2) აქვთ რაიმე სახის სხვა ინტერესი - ამას პოლიტიკის ენაზე კორუფცია ჰქვია (გავიხსენოთ IRI-ის მაგალითი);
3) არიან რაიმე დიდი გეგმის ნაწილი, ანუ ვიღაც-ვიღაცეები „ზევით“ ცდილობენ ახალი ფერადი რევოლუციის ორგანიზებას და ხელისუფლებაში „თავისი ნაძირლების“ დაბრუნებას - ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვეძლება: ის „ვიღაც-ვიღაცეები“ არ ყოფილან ჩვენი მეგობრები და საქართველოს ისე უყურებენ, როგორც მარტოდენ სტრატეგიული დანიშნულების პუნქტს და იმავდროულად, გარკვეული პირადი სარგებლის მიღების საშუალებას. (დიდი იმედი მაქვს, არც ქართველი ხალხი და არც ამერიკის ხელისუფლება მოვლენების ამგვარ განვითარებას, არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, მეორედ არ დაუშვებენ).
როგორც თავმოყვარე სახელმწიფოსა და თავმოყვარე ერის ერთმა რიგითმა შვილმა, მინდა მივმართო ბატონ დონალდ ტრამპს, რომელსაც ყველაზე კარგად მოეხსენება, თუ რას ნიშნავს უსამართლო თავდასხმები, არაობიექტური შეფასებები და ტალახის სროლის ობიექტად ყოფნა და მინდა მივმართო მთელ ამერიკელ ხალხს:
მეგობრებო, საქართველომ უკვე გააკეთა თავისი პრინციპული და გულწრფელი არჩევანი, რაც დასავლური განვითარებისკენ სწრაფვას გულისხმობს. ჩემი და ჩემი თანამემამულეების უდიდესი უმრავლესობის თხოვნაა - თქვენი ხელისუფლების გარკვეულ წარმომადგენლებს ნუ მისცემთ იმის საშუალებას, შეურაცხჰყონ ჩვენი ღირსება და ამით ჩრდილი მიაყენონ ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებს.
საქართველო ფაქტობრივი ომის მდგომარეობაშია რუსეთთან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების ოცი პროცენტი აქვს მიტაცებული. ამ საქმეში თავისი „დიდი დამსახურება“ საქართველოს წინა ხელისუფლებასაც აქვს. მინდა, შეგახსენოთ, რომ იმ ხელისუფლების „არჩევაში“ თავისი პასუხისმგებლობა აშშ-ის წინა ხელისუფლებებსაც აკისრიათ. კარგია, რომ ამერიკის ოფიციალურმა პირებმა (კონდოლიზა რაისი, რიჩარდ მაილსი, ჯონ მაკკეინი და სხვ.) აღიარეს შეცდომები და ამით სახელი დაარქვეს ფაქტებსა და მოვლენებს.
დღეს, „ნაციონალურ მოძრაობად“ წოდებული პოლიტიკური ძალა, რომელიც მრავალ სისტემურ დანაშაულშია მხილებული, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მთავარი ოპოზიციაა. სწორედ ამ დამნაშავეების წისქვილზე ასხამს წყალს ზოგიერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ბოლო დროს გაკეთებული ძალზე არაობიექტური შეფასებები, აგრეთვე, აშშ-ის პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული ზოგიერთი კერძო თუ ორგანიზაციული „ლობისტის“ საქმიანობა.
ბატონო დონალდ ტრამპ და ამერიკელო მეგობრებო, თქვენი მორალური პასუხისმგებლობაა, პატივისცემით მოეპყროთ ჩვენს დამოუკიდებლობას და ჩვენს სწრაფვას უკეთესი მომავლისკენ და დააფასოთ ჩვენი ერთგულება საქართველოს უდიდესი პარტნიორი სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატებისადმი.
სულ ეს არის.
ღმერთი ფარავდეს ამერიკას და საქართველოს!
ბიძინა დვალი
25.01.2020