logo_geo
eng_logo
ზაზა შათირიშვილი: მაშინაც კი, როცა არსებობს გარე დახმარება, თუ შიგნით ხალხის დიდი ნაწილი არ არის შენს მხარეზე, ვერაფერს მიაღწევ
- +

26 იანვარი. 2020. 13:48

 

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მიიჩნევს, რომ  ექვს კონგრესმენს აქვს გამოხატვის უფლება, თუმცა, ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არანაირად არ მოქმედებს - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

 

მისი თქმით, მაშინაც კი, როცა არსებობს გარე დახმარება, თუ შიგნით ხალხის დიდი ნაწილი არ არის შენს მხარეზე, ვერაფერს მიაღწევ.

 

რატომ ახარებთ ქართველი ლიბერალების მცირე ჯგუფს ამერიკელი კონგრესმენების წერილები და რატომ ჰგონიათ რომ ეს წერილები შეცვლის ხელისუფლებას - ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ ეს არის  ქართველი ლიბერალებისთვის დამახასიათებელი კოლონიური სინდრომის გამოხატულება და ღრმა პროვინციალიზმის მანიშნებელი. 

 

„სწორედ ეს ხალხი, რომელიც იჩემებს, რომ არის პროდასავლური, გამოირჩევა კოლონიური დამოკიდებულებით ამერიკისადმი“, - აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

 

მისი თქმით,  სწორედ ამის გამო არ აკრიტიკებენ ისინი ამერიკის პრეზიდენტს, იმიტომ, რომ ეს ტაბუირებულია, თუმცა, ძალიან უნდათ და შიგნით, ერთმანეთში ამას ლაპარაკობენ და წერენ.

 

„კოლონიურ აზროვნებაში ვგულისხმობ იმას, რომ განსხვავებით დასავლური და ევროპული კულტურისაგან, რომელიც გულისხმობს პირად პასუხისმგებლობას, ისინი მოელიან, ამით ისინი ძალიან გვანან 20-იანი წლების ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც რუსეთიდან ელოდნენ დახმარებას. ის, რაც აშშ-ში ხდება, არის ამერიკელი ხალხის სუვერენიტეტის გამოხატულება. აქედან გამომდინარე, ქართველ ლიბერალს პირველი და მთავარი რაც არ ესმის,  სუვერენიტეტის მცნება და დასავლურობის მნიშვნელობაა. თუ არ არის პირადი პასუხისმგებლობა და თუ შენ არ აკეთებ არჩევანს, შენ არ გარდაქმნი, გარედან მოხმობილი დახმარება საბჭოთა მენტალობის გაგრძელებაა, რასაც ისინი აკრიტიკებენ და თავს ესხმიან. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, ქართველი ლიბერალის ცნობიერებაში, მიუხედავად იმისა, თუ რას ლაპარაკობენ, კრემლი და თეთრი სახლი ერთია. ჰგონიათ, რომ ამას გადაგიწყვეტს ვაშინგტონი, ანუ, უნდათ ვაშინგტონისგან ის, რაც მათ მამებს და პაპებს ჰქონდათ კრემლისგან“, - აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

 

ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ ქართველ ლიბერალებზე ვარდების რევოლუციის პრეცედენტი ცუდად მოქმედებს.

 

„მათ ჰგონიათ, რომ ვარდების რევოლუცია ამერიკამ გააკეთა. ვაშინგტონი გააკეთებს - როდესაც არის ეს ლოგიკა, აუცილებლობით ვარდებიან საბჭოთა ნარატივში და აპოკალიპტური მოლოდინით მოელიან იმას, რასაც მათი წინაპრები მოელოდნენ რუსეთისაგან, რომ რუსეთი შემოვა და დაალაგებს.  ნატოს და ევროკავშირის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არის რელიგიური, ესკატოლოგიური მოლოდინის გადმოტანა პოლიტიკაში. მათი წინაპრებისთვის რაც იყო კომუნიზმი. მათ არ სჯერათ, რომ საქართველო სუვერენულია და ვერ წარმოუდგენიათ, რომ საქართველომ შეიძლება მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები“, - ამბობს ფილოსოფოსი.

 

რაც შეეხება კონგრესმენების კრიტიკას პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებთ, ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ არასოდეს პროპორციული სისტემა აშშ-ში არ ყოფილა.

 

„თუ მე ევროპელი ვარ მე უნდა მივიღო ეს გადაწყვეტილება და თუ ხალხის უდიდესი ნაწილი ამას ეთანხმება, ეს არის ევროპა. ანუ, ევროპა არის ის, რომ ჩემი თავი ჩემადვე უნდა მეყუდვნოდეს, ანუ, მე თვითონ უნდა განვსაზღვრო“, - მიიჩნევს ფილოსოფოსი.

 

გადაცემის წამყვანის შალვა რამიშვილის თქმით,  მაჟორიტარულიც და პროპორციულიც ორივე დემოკრატიულია, აშშ-ში დემოკრატიული არჩევნები ტარდება და მითუმეტეს უცნაურია, როდესაც გეუბნებიან, რომ აუცილებლად პროპორციული უნდა იყოს, რაზეც ზაზა შათირიშვილი პასუხობს:

 

„ზუსტად იმიტომ, რომ ხალხი ინტუიტიურად ამას ხედავს, არანაირი მგრძნობელობა არ აქვს ამ საკითხისადმი. რატომ ვერ მოყავთ ხალხი? მარტო ის არ არის, რომ ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, თუმცა, ეგეც არის. 2003 წელს იყო მგრძნობელობის და მოლოდინის მომენტი. ამ ხალხმა 25 წელი იცხოვრა შევარდნაძეში და მოხდა მისი მორალური ცვეთა, რეჟიმი გაცვდა და უნდოდა ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც იქნებოდა ევროპელი, აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ევროპელი კი არ არის, წინა წლების ბოლშევიკების სისხლი სისხლთაგანია“, - აცხადებს შათირიშვილი.

 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცუდი, მაგრამ მაინც რაღაცნაირი პოლიტიკური პარტია იყო, ჩვენს თვალწინ გარდაიქმნა ტოტალიტარულ სექტად, სექტას კი კრავს რწმენა და უსასრულო მოლოდინი.

 

შალვა რამიშვილის თქმით, ბოკერიასთან შედარებით, სააკაშვილი ფრთხილად უყურებს კონგრესმენების წერილს, იმიტომ, რომ ბოკერიას კონგრესმენები არიან. მისივე თქმით, სააკაშვილს უცხოელების ფლანგი ძალიან აინტერესებს, მაგრამ ისიც უნდა, რომ აქ ლეგიტიმაცია მოიპოვოს, რაზეც შათირიშვილი პასუხობს, რომ  სააკაშვილს ამ კონგრესმენების დიდი იმედი არ აქვს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner