ქვიშხეთთან მომხდარ ტრაგედიაზე, რომლის დროსაც მდინარეში ავტომობილის გადავარდნის შედეგად ერთი ოჯახის 4 წევრი - მამა და 3 არასრულწლოვანი შვილი დაიღუპა, სოციალურ ქსელში სტატუსი ვრცელდება.
ბავშვების მამა, რომელიც წლების განმავლობაში ემიგრაციაში იმყოფებოდა ისრაელში, ოჯახში ახალი ჩამოსული იყო.
„ბაქარ, ნუთუ სიკვდილისთვის დაბრუნდი სახლში... (ოთხი გარდაცვლილი ერთ ოჯახში).
ისრაელის ემიგრანტი, რომელიც სულ ახლახანს დაბრუნდა საქართველოში, დღეს, ავტოავარიის შედეგად, თავის სამ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად მდინარეში გადავარდა და დაიღუპნენ.
ამ ეტაპზე მხოლოდ ბაქარის მეუღლეა ცოცხალი, რომელიც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბაქარს პირადად მე და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი ემიგრანტი იცნობდით.
ის იყო არაჩვეულებრივი მეგობარი და პროფესიით მხატვარი. როცა ვხვდებოდით, სულ საკუთარ ცხოვრებაზე და მომავალ კარიერაზე მესაუბრებოდა. ახლა კი, სიტყვებით უძლური ვარ ბაქარ. მომავალ შეხვედრამდე“, - წერს გარდაცვლილის მეგობარი ლიზი მჟავანაძე.
ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთის სიცოცხლისთვის კი ექიმები იბრძვიან. დაახლოებით 40 წლის ქალს ექიმებმა გული აუმუშავეს, თუმცა მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიემა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა. გარდაცვლილია დაახლოებით 40 წლის მამაკაცი და სამი მცირეწლოვანი 12, 10 და 8 წლის, ორი ბიჭი და ერთი გოგონა.