ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე, ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვების დედა, რომლის გადარჩენასაც ექიმები ცდილობდნენ, გარდაიცვალა.
როგორც „რეპორტიორს“ დაღუპულების ოჯახის ახლობელმა, ლიზი მჟავანაძემ აცნობა, დაღუპული, ბანძელაძეების ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს. პროფესიით მხატვარი ბექარი წლების განმავლობაში ემიგრაციაში, ისრაელში იმყოფებოდა და სამშობლოში ახალი დაბრუნებული იყო. ცოლ-შვილი რამდენიმე დღით, ბაკურიანში წაუყვანია ერთ-ერთი შვილის დაბადების დღის აღსანიშნავად. ტრაგედია უკანა გზაზე მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა სამი არასრულწლოვანი და მათი მამა, ბექარ ბანძელაძე.
როგორც ლიზი მჟავანაძე გვიყვება, ის იყო უწყინარი ადამიანი, თავმდაბალი და მორიდებული, რომელიც მხოლოდ ოჯახისა და მეგობრობისთვის შრომობდა, თავისუფალ დროს კი, მხატვრობას უთმობდა.
„ემიგრანტი ბაქარ ბანძელაძე, სულ რამდენიმე თვეა, ოცნებების განსახორციელებლად დაბრუნდა საქართველოში. ერთხელ მთხოვა, - დამეხმარე, ისრაელში ნახატების გამოფენაზე სადმე გამიყვანეო. ვერ მოვახრხე და ვერ გავახარე“, - ამბობს ლიზი მჟავანაძე.
ისრაელში მყოფი ქართველი ემიგრანტები უსამძიმრებენ დაღუპული ოჯახის ნათესავებსა და სრულიად საქართველოს.
ხაშური-ბორჯომის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ოჯახის 5 წევრი, დედ-მამა და სამი არასრულწლოვანი ბავშვი დაიღუპა. ბავშვები და მამა ადგილზე გარდაიცვალნენ. ექიმები დაახლოებით 40 წლის ქალის გადარჩენას შეეცადნენ, მას გული აუმუშავეს, თუმცა მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა. თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, რადგან, სატრანსპორტო საშუალება მაღალი სიჩქარით არ მოძრაობდა, გზაც არ იყო მოყინული.