ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს „
„პატარა გოგო ვიყავი, ტელევიზიის 1 არხზე ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, რადიოს „ადამიანის და კანონის“ რედაქციაში, ჩემმა რედაქტორმა ბატონმა დიმიტრი ლობჟანიძემ მთხოვა, ჩაირბინე, შემოსასვლელთან დახვდი, ვარლამ შადური უნდა მოვიდეს და ამოიყვანე სტუდიაშიო, შავ „ვოლგასთან“ მოხუცი, პატარა აღნაგობის კაცი დამხვდა ცილინდრით, მივესალმე და დიდი მოწიწებით ავაცილე, გზაში ვეუბნები, ბატონო ვარლამ, თქვენ ბევრი რამ იცით, უკვე დიდი ხანია, აღარ ხართ მოქმედი პოლიციელი, იქნებ მოიფიქროთ და ინტერვიუ მომცეთ გახმაურებულ ფაქტებზე-თქო... გაიცინა, თვალი მოჭუტა და მითხრა - კარგი, გოგონი, სიკვდილამდე მოვიფიქრებ და თუ გადავწყვიტე, მხოლოდ შენ მოგცემ ინტერვიუსო... სიხარულით მივახალე უფროსობას, აი, ვარლამ შადურთან აუცილებლად ჩავწერ სკანდალურ ინტერვიუს, მე შემპირდა ექსკლუზივს-თქო, გაეცინა ბატონ დიმიტრის და მითხრა, შენ ვერ მიხვდი, რა გითხრა, გაიზრდები და ბევრს გაიგებ, შადური თან ჩაიტანს სამარეში საიდუმლოებებსო, რამდენიმე თვეში გარდაიცვალა და ჩემი ინტერვიუც არ შედგა! მაშინ მივხვდი, ნამდვილი ჩეკისტები ვინ იყვნენ, მას მერე გავიზარდე, ბევრ გენერალთან ჩამიწერია გადაცემაც, ინტერვიუც და ბევრი კაციც მინახავს და ბევრი არაკაციც! აი, დღეს კი ამ ენაწაგდებულ პოლიციელებს რომ ვუყურებ, დაწვრილებით რომ ჰყვებიან გვარამიასთან „აღსარებებს“, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ პოლიციაში შემთხვევით არ უნდა იღებდნენ ადამიანებს! პოლიციელობა მარტო პროფესია არაა, პოლიციელს ენა მოკლე და ტვინი უნდა ჰქონდეს გახსნილი, სამსახურებრივი საიდუმლო კი თან უნდა ჩაიტანოს სამარეში!“ - წერს ჯღარკავა.