„კავკასიურ კრიმინალს ახასიათებს ერთგვარი ინდივიდუალიზმი“, - ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„რომელი კლანი იქნება აფხაზეთის ხელისუფლებაში, ჩვენთვის აბსოლუტურად სულერთია, იმიტომ რომ ყველა ლოიალურია მოსკოვის მიმართ და ყველა ზის მოსკოვის დოტაციაზე. მოახერხებენ თუ არა ვითარების დალაგებას, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ აფხაზეთის კვაზი-სახელმწიფოს ისტორიაში პირველად მოდის კრიმინალი ხელისუფლებაში. თუმცა კრიმინალსაც გააჩნია. კავკასიურ კრიმინალს ახასიათებს ერთგვარი ინდივიდუალიზმი. ისინი გარკვეულ მომენტებამდე იმართებიან სპეცსამსახურების მიერ, თუმცა შემდეგ შეიძლება, პოზაში დადგნენ. განსაკუთრებით აფხაზურ კრიმინალს ახასიათებს ეს. მოსკოვის მთავარი ამოცანა იყო, რომ აფხაზეთის მიწების გაყიდვის ნებართვა მიეღო აფხაზური სეპარატისტული ხელისუფლებისგან. ამის გაკეთება ვერ შეძლო, ხაჯიმბამ უბრალოდ, ვერ გაბედა. მცირედი ნაბიჯი გადადგა, რითიც მოადუნა აფხაზი საზოგადოების ყურადღება. რუსეთში რეგისტრირებულ სხვადასხვა ეკლესიას გადასცა ტერიტორიები, როგორც ეკლესიებს.
ძალიან საინტერესოა, რომ რუსეთში ყველაფერი კეთდება, რომ იქ არსებულმა ლუთერანულმა თუ ბაპტისტურმა ეკლესიებმა ვერ იმუშაოს, აფხაზეთში კი უზარმაზარი ტერიტორიები გადასცა ხაჯიმბამ. აფხაზეთში მცხოვრებ მოაზროვნე ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს კეთდება იმისათვის, რომ შემდეგ მათ ეს ტერიტორიები გაყიდონ. მაგალითად, იმხელა ტერიტორია გადაეცა ბაპტისტურ ეკლესიას, რაც არაფერში სჭირდებათ, თუ არა გასაყიდად. ანუ ეს გამოსავალი იპოვა ხაჯიმბამ, რასაკვირველია, რუსულ სპეცსამსახურებთან შეთანხმებით, მაგრამ, რაც უნდოდა მოსკოვს, იმას ჯერჯერობით ვერ მიაღწია“, - აღნიშნა არეშიძემ.