logo_geo
eng_logo
„ვხედავ და ვქმნი თითებით“- ეროვნულ მუზეუმში გამოფენა გაიხსნა...
- +

12 ივნისი. 2016. 01:39


12 ივნისს, 18:00 საათზე, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, მოეწყობა პროექტის „ვხედავ და ვქმნი თითებით" პრეზენტაცია.  ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.


პრეზენტაციის ფარგლებში გამოფენილი იქნება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებისა და  სტუდენტების, ასევე სხვადასხვა სასწავლო და შემოქმედებითი დაწესებულების მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების (მათ შორის: ქ. თბილისის #202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლისა და ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების ეროვნული გალერეის) სახვითი ხელოვნების ექსკლუზიური ნაწარმოებები, რომელთა უმრავლესობა „ვეფხისტყაოსნის" თემაზეა შექმნილი და ეძღვნება შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს.


პროექტი  „ვხედავ და ვქმნი თითებით"  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.


გამოფენაზე წარმოდგენილია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კერამიკული ჭურჭელი (მცხეთა) და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კოლხური ბრინჯაოს ცულების ასლები საქართველოს მუზეუმის კოლექციიდან;  საქართველოს სახალხო მხატვრის - რუსუდან ჯავრიშვილის (1918-1999 წ.წ.) მოლბერტი;  ასევე, პირველად საქართველოში, მათთვის ვინც ხედავს თითებით, მომზადდა ბრაილის შრიფტით შესრულებული კახური ტრადიციული მეღვინეობის მიერ წარმოებული ღვინის ეტიკეტები.

ნამუშევრები კომპლექსურად შეიგრძნობა განათებებით, პერსონაჟების მოძრაობით, ხმებით, შეხებით, ფიზიკური ჩართულობით,  გარკვეული თამაშით და თეატრალური ეფექტებით. ინსტალაციებში არსებული ფორმები და კონტექსტი იკითხება არა მხოლოდ თვალებით, არამედ - ხელის შეხებით, მოსმენით, მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანების აღქმებისა და შეგრძნებების განსაკუთრებულობის გათვალისწინებით. ამ ნამუშევრებით, ერთი მხრივ, შეიცვალა აღქმა მნახველებისთვის და, მეორე მხრივ, ნამუშევრის შექმნის მიდგომები არტისტებისთვის.


პროექტმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვთა და მოზარდთა ინტეგრაციაზე  კულტურულ-შემოქმედებით და შემეცნებით პროცესებში; კულტურის სფეროს სხვადასხვა დარგისა და განსხვავებული თაობების წარმომადგენელთა ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, მიუხედავად მხედველობითი სხვაობისა, საზოგადოება გაერთიანდა და ერთობლივად შეიგრძნო ესთეტიკური და ვიზუალური ხელოვნების ნიმუშები.


პროექტის ფარგლებში, 15 ივნისს, 16:00 საათზე, გაიმართება ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილის ლექცია თემაზე -„საგნობრივიდან უსაგნო ხელოვნებამდე", ხოლო 17 ივნისს, 16:00 საათზე, მოეწყობა მხატვარ ქეთევან მატაბელის მასტერ-კლასი თემაზე - „შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" თანამედროვე ხელოვნებაში".


პროექტის ხელმძღვანელია მხატვარი ქეთევან მატაბელი. პროექტი  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის თანაორგანიზატორები: აპ. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია,  ქ. თბილისის #202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების ეროვნული გალერეა, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ხელოვნების სტუდია.  პროექტის მხარდამჭერები: სარეკლამო კომპანია „მოზაიკა ჰოლდინგი", შპს „ბენე". 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner