logo_geo
eng_logo
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი 6 მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნო
- +

27 იანვარი. 2020. 18:20

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი 6 მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

„გამოკვლეული მტკიცებულების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ  ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი და მოქმედი  6 მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნო. კერძოდ, ბათუმის ყოფილი მერი გ.ე., აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბ.მ., ბათუმის ვიცე-მერი თ.პ., ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ე.ლ., ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვ.ხ. და ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბ.ხ. დამნაშავედ ცნო, ხოლო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ა.ვ. გამართლდა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის მიერ, 2015 წლის 9 ოქტომბერს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი ქ.ბათუმში, ჯავახიშვილის ქ.N78ა-ში საცხოვრებელი ბინების მშენებლობაზე, ღირებულებით 4 279 990 ლარი.

 

გ.ე.-ს ბრძანებით შექმნილი ბათუმის  მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრების: ბ.ხ.-ს, თ.პ.-ს, ბ.მ.-ს, ე.ლ.-ს და ვ.ხ.-ს გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, 2015 წ. 24 ნოემბერს გამარჯვებულად გამოცხადდა უცხოური საწარმოს ფილიალი „კონვენტ ჯორჯია“, რომელმაც სატენდერო კომისიას წარუდგინა  ტენდერის  შეუსაბამო და გაყალბებული დოკუმენტაცია. ნაცვლად იმისა, რომ შეწყვეტილიყო ხსენებული ხელშეკრულება, ე.ლ.-ს მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, ხოლო ქ.ბათუმის მერის გ.ე.-ს მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის მიზნით, 2015 წ. 15 დეკემბერს, უსფ „კონვენტ ჯორჯიასა“ და ქ. ბათუმის მერიას შორის, გაფორმდა 4 279 990 ლარის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება.

 

ქ. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის ე.ლ.-ს მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, გ.ე.-ს გადაწყვეტილებით და ა.ვ.- ს ვიზირებით, ქ. ბათუმის მერიამ, „კონვენტ ჯორჯიას“ ჩაურიცხა  1 591 685 ლარი. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან, „კონვენტ ჯორჯიამ“ მხოლოდ 251 109,43 ლარის სამუშაო შეასრულა, ხოლო  როდესაც დადგა  ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების ამოქმედების საკითხი, გაირკვა, რომ გარანტორი „POINT BANK LTD“ არ წარმოადგენდა  საბანკო დაწესებულებას და აქტიურ კომპანიას და ვერ უზრუნველყოფდა საგარანტიო თანხების ანაზღაურებას. შესაბამისად, სატენდერო კომისიის წევრების: ბ.ხ.-ს, თ.პ.-ს, ბ.მ.-ს, ე.ლ.-ს  და ვ.ხ.-ს მიერ, სამსახურებრივი გულგრილობის, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის ე.ლ.-ს  მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და ქ. ბათუმის მერის გ.ე.-ს მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგული იქნა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხები, რის შედეგად ქ. ბათუმის მერიას მიადგა 1 370 076 ლარის ზიანი.

 

სასამართლოს განაჩენით, გ.ე. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

 

ე.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ 182-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა 332-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის ზომად და სახედ 1 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, ხოლო 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდა 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 25000 ლარის ოდენობით. საბოლოოდ მას  დანაშაულთა ერთობლიობით 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.  

 

თ.პ.-ს, ვ.ხ.-ს, ბ.მ.-ს და ბ.ხ.-ს ქმედებები, საქართველოს ს.ს.კ-ის 332-ე მუხლის პირველი  ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ოთხივე  მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 20 000-20 000 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

ამავე განაჩენით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ა.ვ.  გამართლდა საქართველოს 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდების მხარე, დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდგომ, იმსჯელებს კვალიფიკაციის შეცვლისა და ა.ვ.-ს გამართლების ნაწილში განაჩენის გასაჩივრების თაობაზე“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner