საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ადრე ჩემს არქივში აღმოვაჩინე მერაბ კოსტავას აქამდე გამოუქვეყნებელი იგავი, რომელიც დაწერილია ბესტიარიუმ-ორნიტარიუმის სიმბოლიკის გამოყენებით. იგი თემატურად საბჭოთა ქართული მწერლობის და ალბათ ზოგადად მწერლობის უმთავრეს საკითხს ეხება - რაზე უნდა წერო. აქედან ჩანს, ვინ რა მოტივაციით იყო დამუხტული საბჭოური სოცრეალიზმის ეპოქაში. ასევე ნაჩვენებია ის არცთუ სასიამოვნო რეალობა, რომ ლიტერატურული კრიტიკის სერიოზული კორპუსი საერთოდ არ გაგვაჩნია და ნაწარმოებების რეცეფციისას კრიტიკოსზე საღი რეაქცია უბრალო მკითხველს შეიძლება ჰქონდეს. პირველად ვაქვეყნებ ამ ტექსტს (ჰო, შეიძლებოდა ასევე „ახალგაზრდა ჭილყვავის ლირიკა“ დაგვერქმია. მეტადრე ჩვენს დროში მრავლისმთქმელი სათაური იქნებოდა).
* * *
ბულბულის განქიქება
ერთ დაბურულ ტყეში ფრინველთა სამხატვრო საბჭომ ბულბულის შემოქმედების განხილვა მოაწყო. საღამო კრიტიკოსმა ჩხიკვმა გახსნა.
„ვინაიდან კრიტიკული ხედვის თვალსაწიერი ჩვენს დროში ესოდენ გაიზარდა“, - დაიწყო მან, - „ის ძველი პრიმიტიული დონე გადაილახა და ამიტომ ბულბულის ხელოვნებისადმი ჩვენი პოზიცია დიახაც შეიცვალა. რომელ პროგრესულ ფრინველს მოხიბლავს დღეს ზებუნებრივსა და არარეალურზე მისი გაუთავებელი წუწუნი, მუდამ ვარსკვლავებსა და მთვარეზე მოთქმა და გოდება, როდესაც ამქვეყნად ამდენი ჭიაღუა და კენკროვანი მცენარეა. აქედან გამომდინარე, მისი შემოქმედება პესიმისტურია და კრიტიკის ქარცეცხლში უნდა იქნას გატარებული, როგორც ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი და წარსულის ბნელი გადმონაშთი. ჩანს ბულბული მისტიციზმში გადაიჭრა და იდეურად არაჯანსაღ პოზიციას იჭერს“.
„არც მე მომწონს“, - თქვა ძერამ - „ჩვენი დროის გმირთა ასახვას რომ გაურბის იგი. ძერების, ორბებისა და ქორებისთვის როდი აღავლენს იგი ხოტბას, თვალშეუდგამი სიმაღლეებიდან რომ დააცხრებიან ხოლმე ელვის სისწრაფით თავიანთ ნადავლს და სისხლიანი ნაკრტენით ველ-მინდორს ამტუტებენ!“
„არც მშრომელთა ცხოვრების აღწერაში დასდენია მას ოფლის ღვართქაფი“, - დაიყრანტალა ყორანმა - „თორემ აბა, რითი ავხსნათ, გეთაყვა, რომ ჩვენ, ყორნები და სვავები ჯერაც ვერ გავხდით მის ქმნილებებში მოხვედრის ღირსი. ჩვენ რომ ჯაფისგან წელში არ ვწყდებოდეთ და ამდენ ლეშს არ გეახლებოდეთ, ხომ წაიბილწებოდა ქვეყნიერება; მაშ, თუ პატიოსანი კაცია იგი, მობრძანდეს ჩვენთან, ახლოს გაეცნოს ჩვენს ცხოვრებას, გაიზიაროს ჩვენი საამო ტრაპეზი და იმ უცხო შთაბეჭდილებებით გაამდიდროს თავის შემოქმედება, რითიც ეგზომ ქებულია ახალგაზრდა ჭილყვავის ლირიკა“.
„რას ჩერჩეტობს ეგ სამგლე, ეგა“, - გადასძახა მოთმინებიდან გამოსულმა შაშვმა იქვე, იფნის ტოტზე შემოსკუპებულ გუგულს. „ამ წყეული ჯილაგის ნაშიერს როგორ უტოლებს დიდებულ მგოსანს“.
„იყუჩე, მეგობარო“, - მშვიდად მიუგო მას გუგულმა - „ნუთუ არ იცი, ჩუმად მგოსნობასაც რომ იჩემებს ეგ სასიკვდილე. ამადაც სძაგს მას ყველა ნამდვილი ხელოვანი, ხოლო კაჭკაჭები და მოკიოტები ცამდე იმიტომ აჰყავს, რომ მათ ფონზე საკუთარი ყრანტალი ფსალმუნად მოგვაჩვენოს“.
მერაბ კოსტავა (1939-1989)“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია.