„მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმის ბოლო მიღწევა დაკავშირებულია ბაზრის დერეგულირებასთან, რომლის თანახმად, 2019 წლის 1 მაისს ათმა მსხვილმა ინდუსტრიულმა მომხმარებელმა მიიღო წვდომა ელექტროენერგიის ღია ბაზარზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020-ის (Energy Week Georgia 2020) გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ნათია თურნავას თქმით, ეს ნაბიჯი შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს პირდაპირ მომხმარებლებად რეგისტრირებულ მეწარმეებს, ელექტროენერგია საბაზრო ფასით შეიძინონ.
„თუ ასეთი მომხმარებლები ადრე ელექტროენერგიას ყიდულობდნენ ფიქსირებულ ფასად, რეფორმა საშუალებას აძლევს მათ, შეიძინონ საჭირო ელექტროენერგია თავისუფალი საბაზრო ფასებით“, - აღნიშნა მინისტრმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, დერეგულირების მეორე ეტაპი 2021 წლისთვის დასრულდება.
„ველოდებით, რომ ამ დროისთვის დერეგულაცია შეეხება ბაზრის 50%-ს. დერეგულირების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება, რაც საშუალებას მისცემს ბაზრის მოთამაშეებს ადვილად მოერგონ ცვლილებებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისი განცხადებით, მთავრობა ყველა მომხმარებელს დაეხმარება, რომ გადალახოს გამოწვევები, რომლებიც შეიძლება ბაზრის გახსნის პირველ ეტაპზე წარმოიშვას.
ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, შემცირდება საცალო მომხმარებლების ტარიფით ელექტროენერგიის მოხმარება, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, უფრო მეტი დამცავი მექანიზმები შექმნას მეწარმე მომხმარებლის და მცირე ბიზნესის დასახმარებლად.
„ამასთან, ეს რეფორმა კარგი მოტივაცია იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაში საქართველოს მაგენერირებელ შესაძლებლობებში, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას“, - აღნიშნა მინისტრმა.