დოკუმენტურ ფილმში აღწერილია ის, თუ როგორ ცდილობდა რუსეთი შეეშალა ხელი მონტენეგროსთვის NATO-ში გაწევრიანებისთვის და ამ ქვეყანაში პრორუსული ძალების მოსაყვანად ამბოხება მოეწყო.
2017 წლის აპრილში, მონტენეგროს პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. იმავე წლის ივნისში, მონტენეგრო NATO-ს 29-ე წევრი გახდა. თუმცა, მანამდე, მონტენეგროს ევრო-ატლანტიკური კურსის შესაცვლელად, კრემლმა გაუგონარი და დანაშაულებრივი მეთოდები გამოიყენა; ირკვევა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცრების მიერ შემუშავებული გეგმით, სერბმა ნაციონალისტებმა და მონტენეგროს ოპოზიციის ნაწილმა, 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, პარლამენტის შენობის დაკავება, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მილო ჯუკანოვიჩის მკვლელობა და პრორუსული ხელისუფლებას მოყვანა დაგეგმეს. 2017 წლის ივნისში, მონტენეგროს სასამართლომ ამ დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ პირებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
გამოქვეყნდა სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიც. შეთქმულების სათავეში მყოფი რუსეთის „გრუ“-ს ორი თანამშრომელი, მონტენეგროში დაუსწრებლად გაასამართლეს. ყველა ის დეტალი, რომელიც კრემლის ამ დანაშაულებრივი სცენარის განვითარებას თან ახლდა, ამ დოკუმენტურ ფილმშია თავმოყრილი, ამიტომაც უსათუოდ ძალიან საინტერესო იქნება ქართველი მაყურებლისთვისაც.
ფილმში კარგად ჩანს, რომ რუსეთი მზად არის, რომელიმე სახელმწიფოს პოლიტიკური ორიენტაციის შესაცვლელად, გამოიყენოს რელიგია, ისტორია, ინფორმაციის გავრცელება, რასობრივი და ეთნიკური დაძაბულობა, უკანონო დაფინანსება, ინსტიტუციონალური და ეკონომიკური სისუსტეები.
ამის ნათელი მაგალითია მონტენეგრო, სადაც ყველა ასეთი ინსტრუმენტი ამოქმედდა და ქვეყანა, მტრულ გავლენებთან ბრძოლის კუთხით, რუსეთის ლაბორატორიად გადაიქცა.