„ვფიქრობ, გამოძიება ძალიან მაღალი სტანდარტით წარიმართა“, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ჟურნალისტებთან თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ძიების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
როგორც დეპუტატი აცხადებს, გარემოებების ერთობლიობა აჩვენებს, რომ თითოეული სამართალდამცავი პირი და სამართალდამცავი უწყება დადგენილი ნორმების და სტანდარტის ფარგლებში მოქმედებდა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარე დაკავების ღონისძიებების დროს, არც სამართალდამცავი უწყების მხრიდან, არც სამართალდამცავთა მხრიდან არ ჰქონია გადაცდომას ადგილი და ჩატარდა მსგავსი ოპერაციებისთვის არსებული ნორმების და სტანდარტების დაცვით. შეგახსენებთ, რომ დაკავების ღონისძიების საჭიროება გახდა მას შემდეგ აუცილებელი, რაც გაბრიელ სალოსის გამზირზე იქნა განეიტრალებული საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფება და ასევე, საზოგადოებას შევახსენებ, რომ მიმდინარეობდა ღონისძიება 5 პირის მიმართ, მათგან ყველა შემთხვევაში დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოს მხრიდან, 2- მა აღიარა კიდეც მონაწილეობა საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების.
ვფიქრობ, გამოძიება ძალიან მაღალი სტანდარტით წარიმართა, ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედებაა ამ პროცესში ჩატარებული, მათ შორის, დაიკითხა აბსოლუტურად ყველა მონაწილე სამართალდამცავების მხრიდან, ასევე ყველა პირი, ნივთმტკიცებებიც იყო ამოღებული და მათზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნებიც არის გამოტანილი, ვფიქრობ, გარემოებების ერთობლიობა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ნამდვილად ამ შემთხვევაში თითოეული სამართალდამცავი პირი და სამართალდამცავი უწყება მოქმედებდა დადგენილი ნორმების და სტანდარტის ფარგლებში“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.