logo_geo
eng_logo
შსს-ში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის განახლებული ცენტრის „112“-ის პრეზენტაცია გაიმართა
- +

28 იანვარი. 2020. 16:38

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის პრეზენტაციას დაესწრო.

 

„გაერთიანდა ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და „112“. ერთობლივი ოპერაციების ცენტრი აკონტროლებს საქართველოს მასშტაბით სათვალთვალო ვიდეოკამერებს როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში, ქალაქებში, მაგისტრალებზე. „112“ კი ყველასთვის ნაცნობი სამსახურია, ყველა მოქალაქისთვის. მე ვფიქრობ, იქნება უფრო წარმატებული, სწრაფი, რაც მნიშვნელოვანია ამ სამსახურისთვის.

 

თითოეული წამი და წუთი გადამწყვეტია, როდესაც შემოდის საგანგაშო ზარი, თუნდაც ჯანდაცვის მიმართულებით, ან სახანძრო-სამაშველო, ან პოლიციური - შესაბამისი დანაყოფების მივლინება ინციდენტის ადგილას, რომ მოხდეს სწრაფად. პრეზენტაციაში ვნახავთ, რა შეიცვალა და რა იქნება.

 

მინდა, ყველას მივულოცო, ახალ და ძველ თანამშრომლებს. მინდა, წარმატება ვუსურვო. მინდა, ყველას მადლობა გითხრათ თანამშრომლობისთვის, კოორდინაციისთვის და წარმატება ვუსურვო ბატონ გიორგის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას.

 

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მომიჯნავე სამსახურის წარმომადგენლები და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები.

 

პრეზენტაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრი „112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა მინისტრს და მოწვეულ სტუმრებს ახალი ცენტრის უპირატესობები, 2019 წელს წარმატებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

 

2019 წლის 31 დეკემბერს გაერთიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“ და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის კრიზისული და გადაუდებელი სიტუაციების დროს მოსახლეობისთვის მიწოდებულ სერვისებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინსტრუმენტებს, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მეთოდებს.

 

ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ის მოქალაქეები დააჯილდოვა, რომლებმაც გადაუდებელი შემთხვევის დროს „112“-ზე დარეკეს და გადაარჩინეს უცხო ადამიანების სიცოცხლე. ვახტანგ გომელაურმა, ასევე, დააჯილდოვა 2019 წლის საუკეთესო ოპერატორი, დისპეტჩერი და ჯგუფის უფროსი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner