logo_geo
eng_logo
მამაკაცი, რომელიც რუსთავში შვილთან ერთად გაზით გაიგუდა, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი იყო
- +

28 იანვარი. 2020. 17:29

 

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მამა-შვილი გურამ და იაგო გოგბაიძეები გარდაიცვალნენ. მიზეზი სავარაუდოდ, წყლის გამათბობლიდან საცხოვრებელ ბინაში დაგროვილი ბუნებრივი აირის ნამწვი გახდა.

 

 

ტრაგედიის თვითმხილველი, გურამ გოგბაიძის ძმა გახდა, რომელმაც მას შემდეგ, რაც მამა-შვილი კონტაქტზე არ გამოვიდა, 21 იანვარს დაკეტილი ბინის კარი შეამტვრია. ადგილზე შემზარავი სურათი დახვდათ: იაგო გოგბაიძე საწოლში იწვა, გურამ გოგბაიძე კი, აბაზანასთან, დერეფანში. ორივე გარდაცვლილი იყო.

 

გურამ გოგბაიძეს მისი თაობის რუსთაველები და არა მხოლოდ რუსთაველები, კარგად იცნობდნენ, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიურ წევრს, დისიდენტს, „წმინდა ილია მართლის საზოგადოების“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარეს.

 

AMBEBI.GE-სთან გურამ გოგბაიძის შესახებ მისმა მეგობარმა, ისტორიკოსმა თამარ ცნობილაძემ ისაუბრა:

 

„საოცრად დიდი პატრიოტი, ძლიერი პიროვნება იყო. ძალიან პრინციპული, რაიმეს რომ იტყოდა, აუცილებლად გააკეთებდა, სამართლიანი და სიტყვის კაცი იყო. „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ წევრი ვიყავი, მაშინ ფარულად, იატაკქვეშ, თბილისში ვაჟა მთავრიშვილის ბინაში ვიკრიბებოდით. მოგვიანებით, 1989 წელს გავიცანი ბატონი გურამი, სწორედ მისი თაოსნობით შეიქმნა შემდგომ „წმინდა ილია მართლის საზოგადოება“. იმ დროს ძალიან უჭირდა საქართველოს, მაგრამ იმდენად ერთ მუშტად ვიყავით შეკრულები, რომ ამ გაჭირვებას ვერ ვგრძნობდით.

 

 

კოსტავას ბინაში ვიკრიბებოდით, ვგეგმავდი აქციებს, ხალხთან შეხვედრებს. გურამი რუსთავში ატარებდა საპროტესტო მიტინგებს, ის ორგანიზებას უწევდა ამ პროცესს, როგორც ისტორიკოსი, ხალხს ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ვუხსნიდი, თუ რატომ უნდა გამხდარიყო საქართველო დამოუკიდებელი. ბატონ გურამს მიტინგი მიყავდა. ბევრი გვლანძღავდა მაშინ, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა გვერდში გვედგა“, - განაცხადა გურამ გოგბაიძის მეგობარმა, თანამებრძოლმა, პედაგოგმა და ისტორიკოსმა თამარ ცნობილაძემ.

 

ქალბატონი თამარს ფოტოარქივში ეროვნული მოძრაობის დროინდელი ფოტოები უხვადაა შემონახული. ამ ფოტოებზე გურამ გოგბაიძე ძირითადად შეკრებებზე და მიტინგებზეა დაფიქსირებული.

 

 

„საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა“ „ქართულ დისიდენტურ მოძრაობად“ XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა, მიზანი - საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გასვლა და დამოუკიდებლობის მოპოვება იყო. ქართული დისიდენტური მოძრაობის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი იყო ის, რომ აქცენტს აკეთებდა არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვაზე, არამედ ცდილობდა, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის პოპულარიზაციას. საქართველოში დისიდენტური ბრძოლის ძირითად სახედ იქცა არალეგალური ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელება. ლიდერებთან ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად, გურამ გოგბაიძე საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში აქტიურად იყო ჩართული. საბჭოურმა რეჟიმმა ის 1984 წლის თებერვალში, ანტისაბჭოური პროკლამაციების გავრცელებისთვის დააპატიმრა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

მალევე, როგორც მისი მეგობრები ყვებიან, დასავლეთის ზეწოლით პოლიტპატიმრების ნაწილი, საბჭოთა ხელისუფლებამ, წინასწარ დაწერილი აღიარებითი ჩვენებების საჯაროდ გავრცელების შემდეგ გაათავისუფლეს. გურამ გოგბაიძემ „აღიარებაზე“ უარი თქვა და ციხეში 4 წელი გაატარა. პოლიტპატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, 1988 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, ის კვლავ აქტიურად ჩაერთო ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობაში. გურამ გოგბაიძე, საქართველოს დამოუკიდებლობის  მოთხოვნით გამართულ ყველა მიტინგში და აქციაში იღებდა მონაწილებას. უშუალოდ მისი თაოსნობით ტარდებოდა საპროტესტო აქციები რუსთავში.

 

 

ავტორი: მარი ვარდოშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner