„არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი შეთავაზება, ჩატარებულიყო პროპორციული არჩევნები, შეეჯახა გადაულახავ ბარიერს, კონკრეტულად იმ დესტრუქციას, რაც ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით ვიხილეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდეს, საარჩევნო სისტემის ცვლილების განხილვას დაუბრუნდნენ.
„ერთხელ დადასტურდა, რომ ამ შეთავაზების რეალიზაცია მოგვიტანს იმას, რითიც ივნისიდან მოყოლებული ემუქრებოდნენ საქართველოს - რევოლუციით, დესტაბილიზაციით და მთავრობის ვერშექმნის აშკარა პერსპექტივით. ჩვენ არანაირი პირობა არ დაგვირღვევია. ამ გადაწყვეტილებას წინ ის მოქმედებები აღუდგა, რამაც შეკითხვა დასვა - რამდენად გადაურჩება ქვეყანა იმ დესტაბილიზაციას, როდესაც ასეთი დესტრუქციული პოლიტიკური ძალები გადაწყვეტენ, რომ არ შექმნან კოალიციური პასუხისმგებლობის ფორმატი? ამ რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც უნდათ, როგორმე ჩამოირეცხონ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირის ფაქტები. მათი ეს მოწოდებები გაკეთებულია პოლიტიკური პლატფორმიდან“, - განაცხადა ვოლსკიმ.