საქართველო უხანიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციის გეგმაზე პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მუშაობს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელ დიმიტრი ხუნდაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე პარტნიორ ქვეყნებთან წინასწარი შეთანხმებები უკვე არსებობს. მისივე თქმით, უხანში საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება და სურვილის შემთხვევაში ისინი ჩინეთს საქართველოს ერთ- ერთი პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად დატოვებენ.
„ეპიდსიტუაცია ჩინეთში, კერძოდ, ქალაქ უხანში უარესდება. ამიტომ, განხილვის მთავარი საკითხი იყო ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია. უხანში საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ვმუშაობთ გეგმაზე. რამდენიმე ქვეყანამ განაცხადა, მაგრამ ჯერ არც ერთს განუხორციელებია თავისი მოქალაქეების ევაკუაცია. ყველა მუშაობს შესაბამის გეგმებზე და ეს თანხმდება თვითონ ჩინეთის ხელისუფლებასთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენს საელჩოს აქვს ინტენსიური კონტაქტი ამ ხუთ ადამიანთან და ნებაყოფლობით მოხდება მათი გამოყვანა ქალაქიდან ერთ-ერთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ერთად. საქართველო მუშაობს რამდენიმე პარტნიორ ქვეყანასთან, დიდ ქვეყნებთან, რომლებსაც ათასობით ადამიანი ჰყავთ იქ და აპირებენ გამოყვანას და არის უკვე წინასწარი შეთანხმებები, რომ მოხდეს მათთან ერთად ამ ხუთი ადამიანის გამოყვანა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიპლომატიური არხებით ჩინეთის ხელისუფლებასთან და ჩინეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, როდის მისცემს ამ ქვეყნებს თავისი ხალხის გაყვანის უფლებას“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.