პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში შესვლას არ აპირებს, მხოლოდ იმის გამო, რომ მათ საერთო მოთხოვნები აქვთ.
როგორც კახა კუკავამ გადაცემაში „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, მის პარტიასა და ნაციონალებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა სწორი არ იქნება, იმდენად დიდია მათ შორის ღირებულებითი სხვაობა.
„ის, რომ „თავისუფალი საქართველო“ თავისუფალ და პროპორციულ არჩევნებს ითხოვს, არ ნიშნავს, რომ კოალიციაში ვართ მათთან, ვისაც ანალოგიური მოთხოვნა აქვს. ჩვენ საერთო მოთხოვნა გვაქვს, მაგრამ ტოლობის ნიშნის დასმა არ იქნება სწორი. ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს თავისი ტაქტიკა. ჩვენი ტაქტიკა არ გულისხმობს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვიყოთ კოალიციაში. ჩვენ ამ ძალებთან იმდენად დიდი ღირებულებითი სხვაობა გვაქვს, რომ მათთან კოალიცია, ალიანსი ან რამე სხვა ფორმატი არ გვაერთიანებს“, - აცხადებს კუკავა.
აღსანიშნავია , რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას 2020 წლის და მომდევნო წლების საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება შესთავაზა, სადაც მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდება.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.
ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებს მართავს და მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ეუთოს დასკვნას ელოდება. მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართა, მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიან ოლქებზე ვერ შეთანხმდნენ.