ექსპერტი გია აბაშიძე, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ივანიშვილი პრეზიდენტად მოხსენიებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ პრეზიდენტმა ფრანგულად იფიქრა, რადგან ამ ენაზე პრეზიდენტი თავმჯდომარეს ნიშნავს.
„რამდენჯერ უნდა ითქვას და დაიწეროს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფრანგულად ფიქრობს და აზროვნებს? ქართულადაც და ინგლისურადაც „ფრანგულად“ გვესაუბრება. თავმჯდომარე ფრანგულად არის le président!
„გაპრავდა“?“, - წერს ექსპერტი.
„პრაიმტაიმი“ გია აბაშიძეს დაუკავშირდა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ აჟიოტაჟის ატეხვა ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან „გასაკვირი კი არა, სასაცილოც არის“.
„როგორც არაერთხელ ითქვა, მათ შორის მეც ვაქტიურობ, სალომე ზურაბიშვილი აზროვნებს და ფიქრობს ფრანუგლ ენაზე. შესაბამისად მისი საჯარო გამოსვლები ინგლისურ თუ ქართულ ენაზე არის ხოლმე ფრანგულად ნაფიქრის სიტყვები გადმოთარგმნილი ქართულად ან ინგლისურად, და ელემენტარულად ვინც ფრანგული იცის ან თუნდაც ჩახედავს ლექსიკონს, თავმჯდომარე ითარგმნება როგორც le président, ასე ვთქვათ მე მივხვდი, რომ მან თქვა თავმჯდომარე ივანიშვილი. კარგი იქნებოდა ეთქვა პარტიის პრეზიდენტი ივანიშვილი - ანუ პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ თქვა რაც თქვა და ამაზე ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა მედიის ზოგიერთ საშუალებაში, გასაკვირი კი არა სასაცილოც არის“, - ამბობს გია აბაშიძე.