საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფეიკნიუსს უწოდებს თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსაზურდიასთან დაკავშირებით დღეს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არანაირი წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით არ მომზადებულა და მით უფრო, თურქეთის კლინიკაში არ გაგზავნილა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ უკვე სამი კვირაა უშედეგოდ ცდილობს, რაიმე სახის ინფორმაციის მოპოვებას მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ხელისუფლებას სთხოვს დახმარებას ცოტნეს „ფაქტობრივი ტყვეობიდან“ დასახსნელად.
„უკვე სამი კვირაა ამაოდ ვცდილობთ რაიმე სახის ინფორმაციის მოპოვებას ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ. 3 კვირის წინ კლინიკაში ცოტნესთან მისულ ანა ჯაბაურს მანანა-არჩვაძე გამსახურდიამ გზა გადაუღობა, თუმცა ამ უკანასკნელის სურვილის წინააღმდეგ თურქმა ექიმებმა ანა ჯაბაური ცოტნესთან დაუშვეს. ცოტნეს პალატიდან დერეფანში გამოსულმა კი იქვე ახლოს მყოფი, ამ ფაქტით აღშფოთებული ქ-ნი მანანას სატელეფონო საუბარი მოისმინა ჩვენთვის უცნობ პირთან იმის შესახებ, თუ როგორ დაურეკა მან თავის მეგობარ სალომე ზურაბიშვილს და თუ როგორ აღუთქვა ამ უკანასკნელმა დახმარება და მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ ამ საუბრის მოწმე გახდა ცოტნეს ამბის გასაგებად მისული, თურქეთში მცხოვრები ქართველი ქალბატონი, რომელიც ასევე დაადასტურებს მოსმენილი საუბრის ზემოთ აღნიშნულ შინაარსს.
მეორე დღეს კლინიკაში მისულ ანა ჯაბაურს ადმინისტრაციამ აუწყა, რომ არსებობს წერილი, რომლის საფუძველზეც ნებისმიერ ადამიანს, ქ-ნი მანანას გარდა, კატეგორიულად ეკრძალება ცოტნეს ნახვა, მის ექიმებთან გასაუბრება, მის შესახებ რაიმე ინფორმაციის მიღება. ხოლო ანა ჯაბაურის ცოტნესთან დაშვების უფლების მისაღებად მოითხოვეს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტნეს მხარდამჭერად ცნობის შესახებ.
თბილისში დაუყოვნებლივ დაბრუნებულმა ანა ჯაბაურმა სასამართლოს წარუდგინა რა ყველა საჭირო საბუთი და მტკიცებულება, ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლომ კანონით არსებული უფლებამოსილებით, ანას მიანიჭა ჯანმრთელობის დროებითი მხარდამჭერის სტატუსი, რომელიც გულისხმობს, როგორც უფლებებს, ასევე ვალდებულებებსა და მოვალეობებს ცოტნესთან მიმართებაში.
სასამართლოს მიერ გაცემული აღნიშნული დოკუმენტი აპოსტილით დადასტურებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და წარდგენილ იქნა კლინიკის ადმინისტრაციისთვის.
კლინიკის ადმინისტრაციამ კვლავ დაუშვა ქ-ნი ანა ცოტნესთან, თუმცა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ კვლავ ჩხუბითა და სასამართლოში ჩივილით დააშანტაჟა კლინიკის ადმინისტრაცია.
ჩვენდა გასაკვირად, კლინიკა კვლავ დაემორჩილა ქ-ნი მანანას უკანონო მოთხოვნებს. ხოლო, ჩვენს მიერ აყვანილმა თურქმა ადვოკატმა კი ამ კლინიკის ხელმძღვანელობისგან მეტად უცნაური ინფორმაცია მიიღო - ცოტნეს ამგვარი იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქ-ნი მანანას გარდა ვინმეს დაშვებას.
ჩვენი მცდელობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული და ქ-ნი მანანას ხელში არსებული ზემოთ აღნიშნული წერილის მოპოვებისა, რა თქმა უნდა, კრახით დასრულდა, ისევე, როგორც ნებისმიერი მცდელობა თურქეთში საქართველოს საკონსულოსგან დახმარებისა მიღებისა და ქმედითი ღონისძიებების გატარებისა, რომელსაც ვალდებულება აქვს დაიცვას საკუთარი მოქალაქეების კანონიერი უფლებები“, - ვკითხულობთ ანა ჯაბაურის წარმომადგენლის, ჯაბა კვარაცხელიას განცხადებაში.