პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ გადაცემა „არენას“ პირდაპირ ეთერში გაასაჯაროვა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი, რომელზეც მისი მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ხელმოწერებია.
კონკრეტულად იმ ფურცელზე, რომელიც პროკურორმა წარადგინა, მალხაზ მაჩალიკაშვილის სამი ხელმოწერაა დაფიქსირებული, ხოლო მთლიან ოქმზე პროკურორის თქმით, ხელმოწერათა რაოდენობა გაცილებით მეტია.
„სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება ჩხრეკის ოქმი, რომელშიც ყველა გრაფაში, სადაც საჭიროა მონაწილე პირის ხელმოწერა, დაფიქსირებულია მალხაზ მაჩალიკაშვილის ხელმოწერა. მინდა თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგინოთ აღნიშნული ჩხრეკის ოქმი და გაჩვენოთ ის გრაფები, სადაც ბატონ მაჩალიკაშვილს ხელი აქვს მოწერილი და დადასტურებული აქვს ხელმოწერით, რომ ნამდვილად თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახიდანაა ამოღებული აღნიშნული ხელყუმბარა. მოცემულ ჩხრეკის ოქმში ასევე მითითებულია მაჩალიკაშვილის შენიშვნა, სადაც აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახიდან ამოღებული ფულადი თანხა არ ეკუთვნოდა თემირლან მაჩალიკაშვილს და იყო მისი ქალიშვილის საკუთრება, ხოლო ხელყუმბარაზე რამე სახის განცხადება ან შენიშვნა მას არ დაუფიქსირებია“, – განაცხადა პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ.
დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ მას ჩხრეკის ოქმზე ხელი არ მოუწერია.
28 იანვარს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილიო გახდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.
ცნობისთვის, 2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი – შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია.
ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, ის საავადმყოფოში 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.