შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის აეროპორტში ერთი პირი დააკავეს. 1990 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ა.ც.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.
ჩადენილი დანაშაული 6-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 508 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ და 3 აბი „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკები თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
ა.ც. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის I ნაწილით, 260-ე მუხლის VI ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის IV ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.