„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მსოფლიოს ბევრი სპეცსამსახური ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩატაევს ჰყავდა დაჯგუფება, რომელიც ტერორისტულ აქტებს გეგმავდა არა მარტო სირია-ერაყის ტერიტორიაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა ირაკლი ჩიმაკაძემ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.
„მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ წინასწარ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩატაევი იმყოფებოდა საქართველოში, არ გვქონდა, მაგრამ ჩატარებული გვქონდა სხვადასხვა წარმატებული ღონისძიება, რაზეც სამწუხაროდ, დეტალურად ვერ ვისაუბრებ. სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან, მათ შორის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, მიღებული გვქონდა სხვადასხვა სახის ინფორმაცია ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების შესახებ“, - განაცხადა ირაკლი ჩიმაკაძემ.
როგორც ირაკლი ჩიმაკაძემ განაცხადა, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული ოპერაცია და შემდგომი საგამოძიებო პროცედურები განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სპეცსამსახურების დახმარებით.
„გვეხმარებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც ბაზირებულები არიან საქართველოში. ასევე, მოწვეული იყვნენ სხვა სპეციალისტები. მასალების უმეტესი ნაწილი ამოღებულ იქნა ჩვენი სამხარაულის და შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო ბიუროს მიერ. აღსანიშნავია, რომ მობილური ტელეფონი, რომელიც ეკუთვნოდა თემირლან მაჩალიკაშვილს, გაგზავნილ იქნა აშშ-ში, სადაც განხორციელდა ტელეფონიდან ინფორმაციის მოხსნა. შემდეგ გადმოიგზავნა საქართველოში და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს“, - განაცხადა სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა.
ჩიმაკაძე აბსურდულს უწოდებს ოპოზიციის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის დასაკავებლად ჩატარებული ოპერაცია იყო შეცდომა და სპეცრაზმს მისამართი შეეშალა.
„აბსურდული ბრალდებებია ჩვენს მიმართ, რომელიც ისმის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან თუ კონკრეტული პირებისგან, მაგრამ ერთი მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ბრმად არასდროს შევდივართ მისამართზე, წინასწარ ვადგენთ მისამართს, ვსწავლობთ ტერიტორიას, შემდგომ თათბირი ტარდება, ამ შემთხვევაში სპეცრაზმის ხელმძღვანელობა იმყოფებოდა თათბირზე, მიეცათ კონკრეტული დავალებები, განემარტათ მისამართები, ვიზუალურად დაათვალიერეს მისამართი და შემდეგ დაიგეგმა ის ღონისძიება, რომელიც განხორციელდა“, - განაცხადა ჩიმაკაძემ.