„2 თუ 3 კონგრესმენი პირდაპირ ლობირებს „ფრონტერას“ და იყენებს აბსოლუტურად არაადეკვატურ კომენტარებს, რომლებმაც სიხარული და ტაშ-ფანდური გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში“, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჟურნალისტებთან კონგრესმენ პიტ ოლსონის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ვოლსკის თქმით, მისი ეს განცხადება დესტრუქციულია და პირადი ბიზნესინტერესებით არის განპირობებული.
„მე მგონია, რომ ეს განცხადება გარკვეულწილად განპირობებულია პირადი ბიზნეს-ინტერესებით, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ ვფიქრობ, ამავე დროს დესტრუქციულია იმდენად, რამდენადაც არსებობს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ერთი ის, რომ შიგნით ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან აქ დასაქმებული ადამიანები, ერთი წლის განმავლობაში ხელფასს ვერ იღებენ და ქუჩაში გაყარეს, მეორე ის, რომ ეს თემა იხილება სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ და არ მგონია, რომ რომელიმე კონგრესმენი ან რომელიმე საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომელი არსებობდეს ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც არ ესმის, რომ როცა საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟზე იხილება, იქ ქვეყნის მიმართ მუქარა არის არაადეკვატური, არამეგობრული და თუ ვინმეს გაუხარდება ეს განცხადებები, არის მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით და მოსკოვი. ერთ კონგრესმენზე პასუხის გაცემით ჩვენ ვერ დავფარავთ მთლიანად იმ თემებს, რომელიც დღეს აქტუალურია და რომელიც რამდენიმე კონგრესმენის სხვა შინაარსის წერილში გამოჩნდა. თუმცა, არიან ადამიანები, 2 თუ 3 კონგრესმენი, რომლებიც პირდაპირ ლობირებენ „ფრონტერას“ და იყენებენ აბსოლუტურად შეუსაბამო, არაადეკვატურ კომენტარებს, რომლებმაც სიხარული და ტაშ- ფანდური გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის„ რიგებში“, - განაცხადა ვოლსკიმ.