„უნდა ჩავკეტოთ, ბლოკადაში მოვაქციოთ რუსეთი, არ უნდა შემოვატანინოთ ტრენაჟორები და ამით დავსაჯოთ“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა - იცის თუ არა დედაქალაქის მერმა, რომ ფიტნესზონების მოსაწყობად ტენდერში გამარჯვებულ ქართულ კომპანიას ტრენაჟორები რუსეთიდან შემოაქვს და ამაში 9 მილიონ ლარამდე თანხას იხდის.
ჟურნალისტის კითხვაზე, კახა კალაძემ ხუმრობით უპასუხა და აღნიშნა, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, კომპანიას ვერ დაავალდებულებს, პროდუქცია კონკრეტული ქვეყნებიდან არ შემოიტანოს.
„კერძო კომპანიას ვერ დავავალდებულებ, რომელი ქვეყნიდან უნდა შემოიტანოს გარკვეული პროდუქტი. პირველად გავიგე თქვენგან ეს ინფორმაცია“, - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, მისაღებია თუ არა მისთვის, რომ ოკუპანტი ქვეყნიდან, რუსეთიდან მარაგდებოდეს თბილისი, კალაძემ ხუმრობით ასე უპასუხა:
„უნდა ჩავკეტოთ, ბლოკადაში მოვაქციოთ რუსეთი აუცილებლად. მე ვთქვი, რომ არ ვაღიარებ რუსეთის ოკუპანტობას? მე ვთქვი, რომ ბლოკადაში უნდა მოვაქციოთ, არ უნდა შემოვატანინოთ ტრენაჟორები და ამით დავსაჯოთ რუსეთი“, - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება თავად პროექტს, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ფიტნესზონების მოწყობის პროექტი წარმატებულია.
„ზოგადად, ეს პროექტი, ფიტნესზონები, წარმატებული პროექტია და ბევრი ადამიანი სარგებლობს. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიდგომას და დამოკიდებულებას“, - აღნიშნა კალაძემ.