ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს. აუზი N107 საჯარო სკოლის მიმდებარედ, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე მოსახლეობის თხოვნით შენდება.
თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს. აღნიშნული პროექტი ლილოს დასახლებაში ივნისში დასრულდება.
პროექტი მოიცავს საცურაო აუზს სიგრძით 18 მეტრი, სიგანით 12,5 მეტრი, ხოლო სიღრმით 0,8 – 1,6 მეტრი; ფიტნეს დარბაზს, სველ წერტილებს, გასახდელებს და მისაღებს.
„ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ჩვენ დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ამ სამუშაოებს აუცილებლად შევასრულებდით. თქვენ ხედავთ, როგორი დასახლებული პუნქტია, აქ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ აქ გვაქვს სპორტული ცენტრი და მომავალში დაემატება საცურაო აუზი, რომელიც მოემსახურება ახალგაზრდებს, ბავშვებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, მის დანერგვას, პოპულარიზაციას და გვინდა ყველა რაიონში შევიდეთ ასეთი პროექტებით. მომავალში დაგეგმილი გვაქვს მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, მათ შორის, დიდ დიღომში. უკვე არსებობს პროექტი და მომდევნო დღეების განმავლობაში დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას“, - კახა კალაძე.