ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროსაბჭოს წევრებს მოუწოდა რუსეთთან ურთიერთობაში არ დაუშვან ორმაგი სტანდარტები და საქართველოს ხელისუფლებას დაეხმარონ მის იძულებაში, რათა რუსეთმა დაუყოვნებლივ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ორმაგი სტანდარტი არა მარტო მიუღებელია, არამედ აზიანებს ორგანიზაციას და მის პრინციპებს.
"2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია - ეს საქმე საქართველომ 2014 წელს მოიგო. მაგრამ, დიდი პალატის გადაწყვეტილებით, მხოლოდ 2019 წლის 31 იანვარს დაეკისრა რუსეთს საქართველოს 1500 მოქალაქისთვის 10 მილიონი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა. რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია თავისი ვალდებულება. ამიტომ მინდა გავიმეორო ჩვენი ხელისუფლების მოწოდება ევროპის საბჭოსა და მის წევრების მიმართ, აქტიურად ჩაერთონ რუსეთის იძულებაში, რათა მან დაუყოვნებლივ შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება. ორმაგი სტანდარტი არა მარტო მიუღებელია, არამედ აზიანებს ორგანიზაციას და მის პრინციპებს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი - ამ საქმის საბოლოო მოსმენა 2018 წლის მაისში ჩატარდა. ჩვენ კვლავ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც განსაკუთრებით ომის მსხვერპლები განიცდიან. მთელი ქართველი საზოგადოება ელოდება სამართლიანობის მიღწევას. ეს მაგალითი იქნება სხვებისთვისაც. სტანდარტები ყველასთვის ერთნაირია. სამართალი უნდა აღსრულდეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს ტრიბუნიდან.