სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირზე საუბრობს და აცხადებს, რომ დროა, ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო საზოგადოებამ მათ შესახებ სიმართლე გაიგოს.
"ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე. იმ მიზნების განსახორციელებლად, რასაც ჰქვია ხელისუფლებაში დაბრუნება რა მეთოდებს მიმართავს ნაცმოძრაობა, მისი ლიდერები და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა შემსრულებლები. რომლებიც არ არიან სრულად საქმის კურსში თუ რა მეთოდებს იყენებენ ნაცმოძრაობის ლიდერები, როგორ იმართება პოლიტიკური პროცესები და საიდან იღებენ დაფინანსებას. ისინი იდეოლოგიურად უჭერენ მათ მხარს და არიან იმ დავალებების შემსრულებელი, რაც არის პოლიტიკური მიზნებისთვის. თუმცა ამის უკან რეალურად რა დგას, ის მინდა ვამცნო არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ საერთაშორისო საზოგადოებას. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ტეროტისტებთან კავშირი", - განაცხადა სოსო გოგაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში.
მისივე თქმით, ნაციონალების ძებნაში მყოფი ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და შს ექსმინისტრი მერაბიშვილი, არაფორმალური დაჯგუფების შემქმნელები არიან.
როგორც გოგაშვილი აცხადებს, აპირებს ამის შესახებ მტკიცებულებებისა და კონკრეტული ადამიანების ჩვენებებზე დაყრდნობით ისაუბროს.
"მე, როგორც მოქალაქეს, როგორც ყოფილ თანამდებობის პირს, მაქვს პასუხისმგებლობა. მე არ ვთამაშობ და ჩემი განცხადებები არ არის პიარზე გათვლილი", -აცხადებს გოგაშვილი.
მისივე თქმით, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს შეიქმნა არაფორმალური დაჯგუფება, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო მსოფლიოში ცნობილი ტერორისტი ჩატაევი.
"მას უშუალოდ სააკაშვილისა და მერაბიშვილისგან დაევალა ჯგუფის შეკრება, რომელიც დაკომპლექტებული იყო ტერორისტებისგან. ამ დაჯგუფების წევრების ნაწილი გარდაცვლილია, ნაწილის ლიკვიდაცია თვითონ ნაციონალებმა მოახდინეს, ნაწილი გასულია ქვეყნიდან. მინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამას ფარდა აეხადოს და ითქვას რა მოხდა მაშინ. ვინ და რა იდგა ახმედ ჩატაევის ჩამოყვანის და 2017 წელს საქართველოში მისი შემოსვლის უკან", - აცხადებს გოგაშვილი.