„უფრო ძლიერი და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად ვაგრძელებთ სტრუქტურულ რეფორმებს, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, გადახდისუუნარობის რეფორმა, ენერგეტიკის რეფორმა, სამთო სექტორის რეფორმა“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავამ ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების შესახებ დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარება და ფინანსების ხელმისაწვდომობის გაძლიერება მთავარ ფაქტორებს წარმოადგენს კერძო სექტორისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის.
„აღსანიშნავია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებმა და პოლიტიკის ზომებმა უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები და მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენცია სწრაფად იზრდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია მაღალი და კონკურენტუნარიანი მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის განვითარება.
ნათია თურნავამ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მუდმივად მუშაობს ახალი ინსტრუმენტების შექმნაზე, რათა უზრუნველყონ ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და სამთავრობო პროგრამების ბაზრის საჭიროებებზე მორგება.
დონორთა ყოველწლიური კონფერენცია ცერემონიების სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. ფორუმის ფარგლებში, ნათია თურნავამ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.