logo_geo
eng_logo
ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გაიყიდება, საწყისი ფასი 95 მლნ ლარია
- +

30 იანვარი. 2020. 12:03

 

„თბილისში, ევროპის მოედანზე განთავსებული ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გაიყიდება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

 

ეკონომიკის სამინისტრომ საპრივატიზაციო ნუსხაში ე.წ. რიყის დოქები პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში შეიტანა.

 

„ამ ობიექტს გარკვეული მომზადება დასჭირდა. თავს დროზე საკმაოდ ძვირი დაჯდა მისი მშენებლობა. სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანხები დაიხარჯა მის შექმნაში, ვერ იპოვა თავისი გამოყენება, ვერ იპოვა ფუნქციონალი, არადა, ეს ობიექტი ძალიან თვალსაჩინო ადგილზე, თბილისის შუაგულშია განთავსებული, ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილზე. აქედან გამომდინარე, სწორია, რომ შევეცადოთ სწორი, გამჭვირვალე პრივატიზების გზით, ბიზნესთან პარტნიორობაში ვიპოვოთ ამ ობიექტის სწორი გამოყენება, რომელიც ბიზნესისთვისაც სწორი და საინტერესო იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.

 

მისი თქმით, ობიექტი 95 მლნ ლარად შეფასდა.

 

„ამ გამჭვირვალე აუქციონის გზით შევძლებთ, გავტესტოთ, რამდენად რელევანტურია ეს ფასი დღევანდელი საბაზრო მოთხოვნების მიმართ, შევხედოთ, რამდენად ობიექტურია“, - განაცხადა თურნავამ.

 

მისი თქმით, ობიექტი შეფასებულია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.

 

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ბიზნესჯგუფები დაინტერესდებიან.

 

„ჩვენი ამოცანაა, ბიზნესთან თანამშრომლობით ამ ობიექტს სწორი გამოყენება მოვუძებნოთ. სანამ არ გაიმართება აუქციონი, გვიჭირს იმის თქმა, რამდენად ობიექტურია ეს ფასი, რამდენად რელევანტურია ბიზნესის დღევანდელი მოთხოვნების მიმართ. ეს გამოვლინდება აუქციონის დასრულების შემდეგ. იმედი გვაქვს, რომ გამოჩნდება დაინტერესებული ბიზნესჯგუფები“, - განაცხადა თურნავამ.

 

„რიყის დოქები“ 15 ათასი კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზეა განთავსებული.

 

„რიყის დოქების“ მშენებლობაზე, რომელიც 2012 წელს დასრულდა, 75 მილიონი ლარი დაიხარჯა. ობიექტი ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner