logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: გასაკვირია, რომ წერილებში მცირე დოზით ან საერთოდ არ კეთდება აქცენტი ოკუპაციაზე
- +

30 იანვარი. 2020. 13:07

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლება  სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლობითი ან სხვა ორგანოების წევრების ნებისმიერ ინფორმაციას, წერილსა, თუ სხვა სახის შეტყობინებას, დიდი ყურადღებით ეცნობა.

 

ამასთან, წულუკიანმა „ფრონტერასთან“ დაკავშირებით აღნიშნა, რომ როცა დავა საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარეობს, გასაკვირია ზოგიერთი კონგრესმენის მიერ წინასწარ გაკეთებული დასკვნა.

 

„ჩვენ, ამ ქვეყნის ხელისუფლება, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლობითი და სხვა ორგანოების წევრების მიერ მოწერილ ნებისმიერ ინფორმაციას, წერილს თუ სხვა ტიპის შეტყობინებას, რა თქმა უნდა, ვეცნობით ძალიან დიდი ყურადღებით.

 

იმიტომ, რომ ყურადღებით ვეცნობით, ვხედავთ, ამ წერილებში, განსაკუთრებით ზოგიერთ მათგანში, გასაკვირია, რომ ზოგიერთი კონგრესმენი აკეთებს წინასწარ შეფასებებს მაშინ, როდესაც საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარეობს დავა. ეს, ჩემი აზრით, დავის მიმდინარეობას ზიანს აყენებს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

მინისტრი მიიჩნევს, რომ „ფრონტერას“ საქმეზე დავის დასრულებამდე, კარგი იქნება, თუ ყველა მხარე წინასწარი განცხადებებისგან თავს შეიკავებს.

 

„კარგი იქნება, თუ ყველანი მანამ, სანამ არ დასრულებულა „ფრონტერას“ საქმეზე საერთაშორისო არბიტრაჟი, თავს შევიკავებთ წინასწარი განცხადებებისგან.

 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოცემულ კომპანიას ჰყავს ძალიან ბევრი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ხელფასის გაცემა შეუწყდა, მრავალი თვეა, სარჩო-საბადებლის პრობლემაც კი გაუჩნდა, საკუთარი ოჯახის რჩენა. ყველა უნდა დაველოდოთ დავის შედეგს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ვიცე-პრემიერის აზრით, ასევე, გასაკვირია, რომ პრემიერის სახელზე გაგზავნილ წერილებში ძალიან მცირე დოზით ან საერთოდ არ კეთდება აქცენტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემაზე.

 

„ასევე, გასაკვირია, რომ ამ წერილებში საერთოდ არ კეთდება ან ძალიან მცირე დოზით კეთდება აქცენტი იმაზე, რაც ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს და მის მთავრობას გვაწუხებს და რომლის წინააღმდეგაც ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

რაც შეეხება დემოკრატიას, თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესი დამოუკიდებლობის შემდეგ ასეთი მაღალი ხარისხის არასოდეს ყოფილა.

 

„ვფიქრობ, ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რათა დემოკრატია იყოს შეუქცევადი და მას არ დაემუქროს არაფერი. ამისთვის, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად და გავაგრძელოთ ჩვენს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სიარული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner