logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი მიზანია, საქართველოს მოქალაქეები უხანიდან გამოვიყვანოთ და მათი ჩამოყვანა ჩვენთვის არ იყოს საფრთხის შემცველი
- +

30 იანვარი. 2020. 13:13

 

საქართველოს პარლამენტში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც ჯანდაცვის კომიტეტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,   განიხილეს სამოქმედო გეგმა, თუ როგორ ჩამოიყვანონ ჩინეთიდან ეპიდემიოლოგიურ ეპიცენტრში მცხოვრები საქართველოს 5 მოქალაქე სამშობლოში უსაფრთხოდ.

 

აღნიშნულ საკითხზე „რეპორტიორთან“ შეხვედრის უშუალო მონაწილე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საუბრობს:

 

- ეს არ იყო პირველი შეხვედრა ამ საკითხზე. მანამდეც არაერთხელ გვქონდა უხანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია როგორც ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებს. პრევენციული კონტროლის მექანიზმები, რომ ეს ვირუსი არ იქნას შემოტანილი საქართველოში, ერთობლივი ღონისძიებებით დავგეგმეთ. იმისათვის, რომ უშუალო კომუნიკაცია ყოფილიყო ეპიდემიოლოგიურ ეპიცენტრში მყოფ ჩვენს მოქალაქეებთან, რა თქმა უნდა, აქამდეც ყველა ხაზი მუშაობდა. ამჟამად, ვითარება უხანში საკმაოდ არასახარბიელოა, მზარდია დაინფიცირებულთა რაოდენობა, ადგილზე, გარდაცვლილთა რაოდენობაც დღითი დღე იზრდება, ამიტომ საფრთხეც იზრდება. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ რა ინფორმაციებიც გვაქვს, და საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გვაქვს, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ  ჩინეთის მხარე ძალიან აქტიურად ატარებს საჭირო ღონისძიებებს. რომ არა ეს, ალბათ, იქ ახლა მეტად მძიმე სურათი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ვაფასებთ ჩვენი მოქალაქეების საფრთხეებს. ვიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ მზად გვქონდეს ყველა საჭირო შესაძლებლობა, რათა უსაფრთხოდ გამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები ეპიცენტრიდან და ჩამოვიყვანოთ ჩვენს ქვეყანაში.

 

- როგორც ცნობილია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც, საქართველოს მსგავსად, უხანიდან საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა სურთ... რა გარანტიით იქნება დაცული ამ ადამიანების უსაფრთხოება?  

 

- ჩვენი მოქალაქეების გამოყვანას, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით და იმ ვალდებულებებით ვგეგმავთ, რაც დაწესებულია არსებული ვითარებიდან გამომდინარე. საკარანტინო წესებს ვგულისხმობ. ანუ, უნდა იქნას დაცული როგორც ჩინეთის მხარის მიერ ადგილზე დაწესებული საკარანტინო წესები, ასევე საერთაშორისო რეკომენდაციები. განიხილება უსაფრთხოების ორი საკითხი: ერთი - ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ მაქსიმალურად უსაფრთხოდ ეპიდემიოლოგიური ეპიცენტრიდან და მეორე - მათი ჩამოყვანა ჩვენი მოქალაქეებისთვის არ იყოს საფრთხის შემცველი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ეს გავაკეთოთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. გარდა იმისა, რომ მოხდება მათი უსაფრთხო ტრანსპორტირება, მათ უნდა გაიარონ საკარანტინო რეჟიმი, რაც პირდაპირ კავშირშია ვირუსის საინკუბაციო პერიოდთან და 5-დან 14 დღემდე, ანუ ორი კვირის განმავლობაში დაკვირვებას გულისხმობს. ამ მეთოდით, საბოლოოდ იქნება თეორიული შანსიც კი, გამორიცხული, რომ შესაძლოა, რომელიმე მათგანი ვირუსის შემომტანი გახდეს. ამ ყველაფრის შემდეგ, მოხდება მათი ტრანსპორტირება განსაკუთრებული წესით. შემდეგ კი, უკვე მეზობელ ქვეყანაში, რომელიც უზრუნველყოფს ამ ადამიანების გადმოყვანას, საკუთარ მოქალაქეებთან ერთად, თითოეული მათგანი საკარანტინო წესს გაივლის.

 

- კონკრეტულად რომელ ქვეყანაზეა საუბარი, ბატონო დიმიტრი?

 

- ამ ინფორმაციის გამჟღავნებას, ჯერჯერობით, მოვერიდები, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენს გეგმას ხელი არ შეეშალოს. ამჯერად, სავარაუდო ხაზის დაგეგმარება მიმდინარეობს. ვმუშაობთ ორი ძირითადი მიმართულებით, რადგან ერთ ხაზს რომ რაიმე ტექნიკური პრობლემა შეექმნას, ამისათვის გვქონდეს სარეზერვო მეორე ხაზი, ანუ მეორე ქვეყანა, თორემ ორი მიმართულება ნამდვილად არ არის საჭირო 5 მოქალაქის ჩამოსაყვანად. ორივე ხაზი არის მაქსიმალური გარანტიებით და კომფორტით აღჭურვილი. როგორც კი ეს ორი ხაზი, ანუ ორი ქვეყანა, საკუთარი მოქალაქეების გამოყვანას დაიწყებს, მათთან ერთად გამოვლენ ჩვენი მოქალაქეებიც. ეს დამოკიდებულია ჩინეთის ხელისუფლებაზე, როდის მისცემენ ქვეყნებს თავიანთი მოქალაქეების გამოყვანის უფლებას. ხარჯებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს. 

 

- მათი, ამ 5 ადამიანის განწყობა თუ არის თქვენთვის ცნობილი? მზად არიან ისინი ახლა სამშობლოში დასაბრუნებლად?  

 

- რა თქმა უნდა, ეს მოხდება მათთან შეთანხმებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოვალეობები და მათ აქვთ თავიანთი უფლებები. ჩვენი ვალდებულებაა, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, თუმცა, მათი უფლებაა, მიიღონ ან არ მიიღონ ჩვენი შეთავაზება. ამჯერად ადგილზე ელჩი მუშაობს. საგარეო ხაზის მიმართულება არის ის, რომ შედგეს ჩვენს მოქალაქეებთან კომუნიკაცია, რათა გაეცნონ ყველა დეტალს, რაც მათი სამშობლოში დაბრუნებისთვის არის საჭირო. შემდეგ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. პარალელურად, ელჩი იმუშავებს ადგილზე, რომ გვქონდეს მათგან დადასტურებული თანხმობა.

 

- საუბარია მხოლოდ უხანში მცხოვრები საქართველოს 5 მოქალაქის ევაკუაციაზე, ჩინეთის სხვა რეგიონში მცხოვრებთათვის იქ ყოფნა საფრთხის შემცველი არ არის?

- უხანის პროვინცია არის ეპიდემიოლოგიური ეპიცენტრი, ჩინეთის სხვა რეგიონები კი, იქ მყოფი მოქალაქეებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.  მიუხედავად იმისა, რომ უხანში ყველაფერი კეთდება, ფაქტია, რომ მზარდია დაინფიცირებულთა რაოდენობა და სიკვდილიანობის შემთხვევები. თუმცა, საიმედოდ უნდა ვთქვა, რომ არის განკურნების ფაქტებიც, უკვე 150-ზე მეტი დაინფიცირებული განკურნებულია. ასე რომ, ეს ვირუსი არ ნიშნავს განაჩენს, თუმცა რისკები მაღალია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner