„სენატორების განცხადება ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ და რეაგირების გარეშე არ დარჩება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა სენატორების, ჯეიმს რიშისა და ჯინ შაჰინის წერილთან დაკავშირებით, რომლითაც მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართეს.
თურნავას შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ყოველთვის საინტერესოა აშშ-ის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების განცხადებები.
„ჩვენთვის ყოველთვის ყურადსაღებია ჩვენი დასავლელი, ამერიკელი პარტნიორების ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების ესა თუ ის განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ და ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გადაუმოწმებელ და არასწორ ინფორმაციას ეყრდნობა ეს განცხადება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვეცნობით ამ განცხადებებს და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ამასთან, ქართული მხარე ეცდება, მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია მიაწოდოს აშშ-ის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს.
„ჩვენ ჩვენი მხრიდან ვაძლიერებთ ჩვენს საინფორმაციო წყაროებს, მაქსიმალურად ვეცდებით, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლებს. მე მაგალითად მოვიყვანდი კომპანია „ფრონტერას“ ქეისს, როდესაც აშკარად მცდარი არასწორი ინფორმაცია იყო მიწოდებული“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.