პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის შეფასებები და ჭკუის დამრიგებლური განცხადებები უადგილოა და მხოლოდ იმას ეხმარება, რომ საქართველოში პოლიტიკურ ველზე მეტი დაძაბულობა იყოს.
ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი ვოლსკი სერგეი გავრილოვის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ „მართლმადიდებელი დეპუტატები“, მათ შორის, რუსეთიდან, მზად არიან საქართველოში გასამგზავრებლად, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები სიმართლე აღმოჩნდება.
„რუსი პოლიტიკოსის, მით უმეტეს გავრილოვის განცხადებების შეფასება შეიძლება მხოლოდ ერთი რაკურსით. ეს არის მცდელობა, რომ საქართველოში პოლიტიკურ ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანოს. ჯობდა, გავრილოვი იმ სავარძელში არ ჩამჯდარიყო, რამაც საქართველოს ხელისუფლების საშინაო თუ საგარეო მიმართულებაზე არანაირი პოლიტიკური გავლენა არ გამოიწვია, მაგრამ გარკვეული დაძაბულობა განაპირობა და ეს ზუსტად იცის. აქედან გამომდინარე, მისი შეფასებები, ჭკუის დამრიგებლური განცხადებები უადგილოა და მხოლოდ იმას ეხმარება, რომ პოლიტიკურ ველზე უფრო მეტი დაძაბულობა შემოვიდეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.