„არ მგონია, რომ თემა, რომელიც „ფრონტერას“ ლობისტების პოზიციას ეხება, უნდა გავაიგივოთ იმ პოლიტიკურ საკითხებთან, რომელიც ბოლო პერიოდში წამოიჭრა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების მოთხოვნას გამოეხმაურა 11 თვის დავალიანების დაფარვის თაობაზე.
დეპუტატი ამბობს, რომ ეს არის კომპანია, რომელმაც ბევრი ადამიანი უმუშევარი დატოვა და სამუშაო ადგილები არ შეუქმნია, როგორც ამას „ფრონტერას“ ლობისტები ამტკიცებენ.
„პოლიტიკოსებმა შეფასებებისგან თავი უნდა შევიკავოთ, მით უმეტეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როცა ზუსტად ვიცით, რომ სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟი საკითხს იხილავს. რა ვერდიქტიც არ უნდა იყოს, როგორც ერთმა, ასევე მეორე მხარემ -სახელმწიფოს გაზისა და ნავთობის კორპორაციამ, ასევე „ფრონტერამ“ კეთილი უნდა ინებონ და ის გადაწყვეტილება უნდა შეასრულონ, რაც გამოტანილი იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.