პოლიტიკურმა პარტია „პატრიოტთა ალიანსმა“ დღეს NDI-სა და IRI-ს წინააღმდეგ ახალი კამპანია წამოიწყო. როგორც პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დღეს თბილისის მასშტაბით NDI-სა და IRI-ს წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რათა ამ ორგანიზაციებმა საქართველოში კვლევები შეწყვიტონ.
„საქართველოში დიდი ტყუილი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. უნდა დამთავრდეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფა NDI-სა და IRI-ს მხრიდან. ეს გრძელდება მრავალი წლის მანძილზე, ქართველი ხალხი მოთმინებით იტანს ამ ყველაფერს.
ჩვენ დღეიდან თბილისის მასშტაბით ვიწყებთ კამპანიას, რომლის მთავარი მიზანი არის ამ ტყუილის დანგრევა. NDI და IRI ამერიკული ორგანიზაციებია, სწორედ ამიტომ ჩვენ ამერიკის საელჩოსთან გვქონდა აქცია, სადაც მკაფიოდ ვთქვით და მოვუწოდეთ ამერიკის ხელისუფლებას, დაინახონ ქართველი ხალხი, დაინახონ როგორ არ მოსწონს ქართველ ხალხს ამ ორგანიზაციების მხრიდან ასეთი ტყუილი“, - განაცხადა ინაშვილმა.