logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ვინ უწერს ტექსტებს ამ ნაცმიდრეკილ ევროპარლამენტარებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ასე გესლავენ?!
- +

30 იანვარი. 2020. 15:49

 

გასულ კვირას ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ზოგიერთმა ევროდეპუტატმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გაუჩმახა, მაგრამ რა გაუჩმახა... ბებერი კონტინენტის წარმომადგენელმა დეიდებმა და ბიძიებმა პირიდან სულ შფოთის ნაპერწკლები ყარეს და ჩვენს სამამულო დეპუტატებს საკმარისი დროც კი არ გამოუყვეს, რომ კრიტიკული კითხვებისა და შეფასებისთვის სრულყოფილად ეპასუხათ.

 

 

ევროპაში „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ჭირხვნაი საკვირველი ორი საკითხით იყო გამოწვეული – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება რატომ ჩაშალეთო და ოპოზიციის ლიდერებსა და აქტივისტებს პოლიტიკურად რატომ დევნითო?

 

 

მოკლედ, ევროპარლამენტარებმა ისეთი არახუნეს, გეგონებოდა, ანდრიუს კუბილიუსის, რაფაელ გლუკსმანისა თუ რასა იუნკიავიჩენეს ხმით გიგა ბოკერია, გიორგი კანდელაკი და სალომე სამადაშვილი მეტყველებდნენ.

 

 

ისე კი, მართლაც საინტერესოა, ვინ უწერს ტექსტებს ამ ნაცმიდრეკილ ევროპარლამენტარებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ასე გესლავენ?!

 

 

ეს ხელისუფლება რისი ღირსიც არის და ქართველი ხალხისგან რა ალიყურიც ეკუთვნის, ჩვენზე უკეთესად არავინ იცის, მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ ალიყური ქართველი ხალხისგან ეკუთვნის და არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მჭიდროდ დაკავშირებული ევროდეპუტატებისგან, რომლებსაც ობიექტურობისა არაფერი სცხიათ.

მაგალითად, ევროდეპუტატი ანდრიუს კუბილიუსი, რომელიც ერთ დროს ლიტვის პრემიერ-მინისტრი იყო, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია, ეს პარტია კი, მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალური პარტნიორია და ოდითგანვე გვახსოვს, როგორც სააკაშვილის რეჟიმის პროტექტორი.

 

 

კიდევ უფრო რომ დავაკონკრეტოთ, სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“ და ბოკერიას „ვრონაცმოძრაობა“ „ევროპის სახალხო პარტიის“ დამკვირვებელი წევრები არიან და, აქედან გამომდინარე, „ევროპის სახალხო პარტიის“ დეპუტატებიც სულ ბოკერიასა და სააკაშვილის სასარგებლო რამე-რუმეებს აცხადებენ, რა თქმა უნდა, მიკერძოებულად და არასამართლიანად.

 

 

ევროპარლამენტარი კუბილიუსი, რომელიც, თავისი განცხადებებითა და გვარის ჟღერადობით, ერთ დროს ნაცმოძრაობის „მოლაპარაკე თავს“ პალიკო კუბლაშვილს მოგაგონებთ, გარდა იმისა, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია, სააკაშვილთან სხვა მხრივაც არის დაკავშირებული.

 

 

კერძოდ, როცა საქართველოდან გაქცეული სააკაშვილი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რეფორმების საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა, სააკაშვილმა კონსულტანტებად რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსი მიიწვია და ანდრიუს კუბილიუსიც მათ შორის ერია.

 

 

მოკლედ, ბატონი კუბილიუსი უკრაინაში სააკაშვილის თანამშრომელი იყო და სრულიად ბუნებრივია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მოჭარბებული პოლიტიკური სენტიმენტები გააჩნია.

 

 

ისე კი, სულო ცოდვილო, კაცმა კარგად რომ გაჩხრიკოს, ეს პოლიტიკური სენტიმენტალიზმი, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ მიმართ კუბილიუსი და სხვა ევროპარლამენტარები იჩენენ, შესაძლოა, არც მთლად უფასო და უანგარო აღმოჩნდეს.

 

 

ასეა თუ ისე, ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა „ქართული ოცნების“ დელეგაციას პროპორციული არჩევნების გამო გაუჩმახა და ბოლოს ერთიც დააყოლა – დარჩა კი საქართველოში ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, რომელიც პროკურატურაში არ გამოიძახესო? ე.ი. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პროკურატურაში დაკითხვებზე რომ იბარებენ, ეს პოლიტიკურ დევნას ჰგავსო!

 

 

არადა, რა იცის ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა, ან იქნებ მშვენივრადაც იცის, რომ საქართველოში მართლაც ბევრი ოპოზიციის ლიდერია, რომელიც არათუ დაკითხვაზე უნდა დაებარებინათ, არამედ განსასჯელის სკამზე უნდა დაესვათ, მაგრამ არათუ განსასჯელის სკამზე დასვეს, არამედ დაკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ.

 

 

მაგალითად, ასეთია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე, რომელსაც ცალკე გოგლა ჟვანია – „გაზით გაგუდული“ პრემიერ-მინისტრის ძმა ადებს ხელს – ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეშია გარეული და „უბედური“ შემთხვევის ინსცენირებაში მონაწილეობდაო, ცალკე კი მესტიაში ამოხოცილი აფრასიძეების ოჯახის ცოცხლად გადარჩენილი წევრები ამხელენ გაუგონარ სისასტიკეში, მაგრამ ბარამიძე პროკურატურას ჯერ დაკითხვაზეც კი არ დაუბარებია.

 

 

აღარაფერს ვამბობთ ევრონაცმოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ დავით ბაქრაძეზე, რომელსაც, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით, ერთ-ერთ ინგლისურ ბანკში არადეკლარირებული 261 ათასი გირვანქა სტელრლინგი ჰქონდა გადამალული, რის გამოც საქართველოს პროკურატურა საქმეს ფულის გათეთრების მუხლით იძიებდა და ერთი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი, რომ ბაქრაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულიყო, მაგრამ რომელ დევნაზეა საუბარი, იგი პროკურატურაში გამოკითხვაზეც კი არ მიუყვანიათ.

 

 

მოკლედ, იქით ევროპარლამენტარი კუბილიუსი შფოთავს – საქართველოში ოპოზიციის ლიდერებს პროკურატურა დაკითხვებზე რატომ იბარებსო – აქეთ კი ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი ბორგავს – „ქართულმა ოცნებამ“ დაპირებული სამართლიანობა არ აღადგინა, დასაჭერი ნაცები არ დაიჭირა და სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი სისტემურად არ გაასამართლაო.

 

 

და ამ ორ შფოთვას შორის რომელია უფრო სამართლიანი და მნიშვნელოვანი – ევროპარლამენტარ კუბილიუსის შფოთვა თუ ქართველი ხალხის შფოთვა? რომელს უნდა ათხოვოს ყური საქართველოს ხელისუფლებამ და რომლის ხმა უნდა იყოს გადამწყვეტი ქართული სახელმწიფოს მომავლისთვის?

 

 

ამ რიტორიკულ კითხვებზე პასუხი ჩვენმა პატივცემულმა მკითხველმა შესანიშნავად უწყის!

კუბილიუსი კი კუბილიუსად და კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, რომელიც საქართველოში ოპოზიციის „პოლიტიკურ დევნაზე“ შფოთავს ფრანგი რაფაელ გლუკსმანია, რომელმაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უთხრა – დავაკვირდი და შევამჩნიე, რომ თქვენი ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ გამოძიებას მაშინ იწყებს, როცა პოლიტიკური კრიზისი უდგებაო.

 

 

ახლა, კაცმა რომ თქვას, ამ გლუკსმანს მთლად პიტალო ტყუილიც არ გამოსვლია, რადგან ჩვენს ბედოვლათ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენა, სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულთა გამოძიება და დასაჭერი ხალხის დაკითხვაზე დაბარება მართლა მაშინ ახსენდება, როცა პოლიტიკური გასაჭირი „ერთ ადგილს“ აუცახცახებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვისაც დაკითხვაზე იბარებენ, დასაბარებელი არ არის და რასაც იძიებენ, გამოსაძიებელი არ არის.

 

 

რაც შეეხება ევროპარლამენტარ რაფაელ გლუკსმანს, ისიც იმ ნესტარით არის ნაჩხვლეტი, რომლითაც ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი. კერძოდ, თუ კუბილიუსი საქართველოდან გაქცეულ სააკაშვილთან უკრაინაში მუშაობდა, გლუკსმანი სააკაშვილის მრჩეველი მაშინ იყო, როცა მას საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

სააკაშვილის მრჩევლობის გარდა, რაფაელ გლუკსმანი მრჩევლად საქართველოს უშიშროების საბჭოშიც მუშაობდა და შეიძლება, არც გახსოვთ, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილის ეკა ზღულაძის ქმარიც იყო.

 

 

ეგებ არც ეკა ზღულაძე გახსოვდეთ და ის ქალია, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საგანგებო ბრიფინგი გამართა – საშიში აღარაფერია, რადგან რუსულმა ტანკებმა, რომლებიც თბილისისაკენ მოემართებოდნენ, სოფელ ორჭოსანისკენ გადაუხვიესო. ანუ ორჭოსანი საქართველო არ არისო! ანუ თბილისში ვიყოთ კარგად და ორჭოსანში რომ საქართველოს მოქალაქეები სახლობენ, მათ მოუკვდათ პატრონიო!

 

 

ჰოდა, აი, ზუსტად იმ ეკა ზღულაძის ქმარია მოქმედი ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი, რომელიც ახლა საქართველოში ოპოზიციის „პოლიტიკურ დევნაზე“ საუბრობს და ის კი არ ახსოვს, საქართველოში ნამდვილი პოლიტიკური რეპრესიები სწორედ მაშინ რომ მძვინვარებდა, როცა თვითონ სააკაშვილის მრჩეველი იყო, უშიშროების საბჭოში მუშაობდა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის საწოლში კოტრიალობდა.

 

 

მოკლედ, საქმე ასეა: საქართველოს ხელისუფლებას ევროპარლამენტში სააკაშვილის ყოფილი თანამშრომელი ანდრიუს კუბილიუსი და სააკაშვილის მეორე ყოფილი თანამშრომელი, „ორჭოსანა“ ეკა ზღულაძის ქმარი რაფაელ გლუკსმანი უჩმახებენ!

 

 

კუბილიუსისა და გლუკსმანის სიტყვას ფასი იმიტომ არა აქვს, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ სამრეკლოდან რეკავენ და პირში სააკაშვილის შაქარყინული უდევთ, რომელსაც აგერ აქამომდე წუწნიან და როდის გაათავებენ, ვინ იცის.

 

 

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ იგი არაღდგენილი სამართლიანობისა და არდაჭერილი დასაჭერების გამო კიდევ ბევრჯერ წაიტეხს კისერს გინდა ევროპაში და გინდა – საქართველოში, სადაც ხალხი შიმშილსაც კი მოითმენს, მაგრამ უსამართლობას – არავითარ შემთხვევაში!

 

 

ჯაბა ხუბუა

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner