რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, იგი ეთანხმება პრემიერის შეფასებას ლევან იზორიას ძმასთან, კიტა იზორიასთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოკადრებზე. მისი თქმით, ხელისუფლებამ წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ კანონი ყველასთვის ერთია და თუ ამა თუ იმ ადამიანის ქმედება შეფასდება კანონდარღვევად, ან რაიმე სახის გადაცდომად, რეაგირება ყოველთვის ადეკვატურია.
„დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა და შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება არა მხოლოდ პოლიციის, არამედ ნებისმიერი ფორმიანი ადამიანის მიმართ. ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელიც ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას, იქნება ეს პოლიციელი თუ გარემოს დაცვითი ინსპექციის თანამშრომელი, ჩვენ ყველამ უნდა ვცეთ პატივი. შესაბამისად, ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან, და, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ნებისმიერი თანამდებობის პირის ნათესავის მხრიდან, ვერ იქნება მოსაწონი ასეთი ტიპის ქმედება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მაია ცქიტიშვილი დარწმუნებულია, რომ თუ კიტა იზორიას ქმედება შეიცავს რაიმე სახის დანაშაულს, ამას სამართალდამცავების მხრიდან აუცილებლად კანონის შესაბამისი რეაგირება მოყვება.