„ვისურვებდი, რომ კონგრესმენებს, სენატორებს ან პარლამენტარებს ჰქონოდათ სურვილი, საქართველოს მთავრობისგან ან პარლამენტის წევრებისგან მიეღოთ უფრო ზუსტი ინფორმაცია მანამდე, ვიდრე ისინი თუნდაც დაუჯერებდნენ ან მიჰყვებოდნენ იმ ინფორმაციას, რომელიც მათთვის იქნა მიწოდებული ოპოზიციის მხრიდან“, - ასე უპასუხა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სენატორების ახალ კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მინისტრი მიიჩნევს, რომ სენატორების მხრიდან გაკეთებული უარყოფითი კომენტარები გამოწვეულია იმ არასწორი ინფორმაციით, რომელიც მათთვის იქნა მიწოდებული ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის საყურადღებოა ყველა ჩვენი მეგობრის განცხადებები, იქნება ეს ამერიკელი კონგრესმენი თუ ევროპარლამენტის დეპუტატი თუ სხვა ჩვენი ქვეყნის მეგობარი. ჩვენთვის, პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ მეტი ძალისხმევა უნდა მივმართოთ, რომ ამ ადამიანებს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. პრაქტიკულად ყველა წერილში, ყველა იმ გამოხმაურებაში, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ვხედავთ, რომ არის ფაქტობრივი უზუსტობები, არასწორი ინფორმაცია, რომელიც იქნა მიწოდებული, სამწუხაროდ, ამ ადამიანებისთვის, რამაც მათ შეუქმნა არასწორი განცდა ქვეყანაში მიმდინარე პრობლემების შესახებ. ეს უარყოფითი დამოკიდებულება არ არის. ჩვენი მეგობრები, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აღიარებენ, რომ საქართველო მათი მეგობარია, მათი სტრატეგიული პარტნიორია. უარყოფითი კომენტარები გამოწვეულია იმ არასწორი ინფორმაციით, რომელიც მათთვის იქნა მიწოდებული ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, რასაც ჩვენი მხრიდან ბევრად უფრო აქტიური კომუნიკაცია უნდა მივაშველოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრებმა მიიღონ ის ინფორმაცია, რომელიც მათ მისცემს საშუალებას უფრო ობიექტურად იმსჯელონ იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.