logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ეს ოპოზიციის ნამუშევარია!
- +

30 იანვარი. 2020. 19:18

 

ბოლო რამდნეიმე დღეა საქართველოს მთავრობა ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენებისგან წერილებს იღებს. წერილში კონგრესმენები და სენატორები წერენ, რომ დიდი ხანია  საქართველოს დემოკრატიული რეფორმების და დასავლური ინტეგრაციის მხარდამჭერები არიან, თუმცა, შეშფოთებული არიან დაპირებული დემოკრატიული რეფორმების უკან წაღების გადაწყვეტილებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტებთან დაკავშირებული ძალადობის გამო.

 

ვინ დგას წერილების უკან, ემუქრება თუ არა საქართველოს ევროპისკენ სწრაფვას საფრთხე და რა სარგებლობას იღბებს ამით რუსეთი  - ამ თემებზე ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

-    ქვეყნისთვის არის თუ არა საფრთხის შემცველი  ამერიკელი კონკრესმენების და სენატორების წერილები, რომლებსაც რამდენიმე დღეა საქართველოს მთავრობა იღებს?

 

-  კონგრესმენების წერილები  საფრთხის შემცველია. ერთია, როდესაც  რამდენიმე კონგრესმენი წერს, მეორე, როდესაც შესაბამისი საგარეო უწყების კომიტეტის ხელმძღვანელობა. ერთ მშვენიერ დღეს მათ შეუძლიათ სერიოზული ბერკეტები აამუშაონ ჩვენს წინააღმდეგ, რადგან მაღალი რანგის ამერიკული ელიტის წევრები აწერენ ხელს. ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარებაზე ძალიან იმოქმედებს. 

 

- ხედავთ თუ არა ოპოზიციის და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების კავშირს ამ წერილებთან? 

 

- ყოველთვის შეიძლება ლობისტური კომპანიების მუშაობის კვალის ნახვა.  ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ცუდ და სახიფათო პროცესთან გვაქვს საქმე.  ოპოზიცია შეშფოთებული  არაა, ოპოზიცია გახარებულია ამ  წერილებით. ეს ოპოზიციის ნამუშევარია და მასთან აფილირებული იმ არასამთავროების, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. სხვათაშორის, არამარტო ქართული არასამთავროები, საკმაოდ დიდი ფული იხარჯება შესაბამისი იმიჯის შექმნაში. პლუს, ამას ერთვის ცალკეული შეცდომები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან იყო დაშვებული. ყველაფერი ეს კი ბევრად უფრო მუქი სურათის წარმოდგენას იძლევა ვიდრე ესაა. 

 

- წერილების ავტორების რეპუტაცია არის თუ არა გასათვალისწინებელი? 

 

- ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ამ საკითხზე. მაგალითად, ის კონგრესმენი, რომელიც ასეთ წერილს წერს, არის აზერბაიჯანთან  მეგობრობის ჯგუფის წევრი და აზერბაიჯანში შექმნილ ვითარებაზე ხმას არ იღებს, როცა დემოკრატიასთან დაკავშირებით ბევრად სერიოზული პრობლემებია იქ. მაგრამ, ეს არ ცვლის სიტუაციას. ხელოვნურია ბევრი რამ და ეს იგრძნობა. ჩვენ შეგვიძლია  იმ პირებს, რომლებიც  ხელს აწერენ, უამრავი ბნელი ლაქა აღმოვუჩინოთ ბიოგრაფიაში, მაგრამ ეს სიტუაციას არ ცვლის. პატარა ქვეყანა ვართ, ის არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი, უამრავი რამ გაუკეთებია საქართველოსთვის და ახლა იმაზე საუბარი, ვის რა დანაშაული, ლაქა აქვს ბიოგრაფიაში,  სისულელეა. 

 

- მთავრობის შეცდომა ახსენეთ, რაში ხედავთ პრობლემას? 

 

- მთავრობამ დაუშვა შეცდომა, რომ ლობისტური სისტემა არ შექმნა. თავიდანვე უარი თქვა ამაზე. არ შეიძლებოდა ამის დაშვება. სამწუხაროდ, დღეს მსოფლიო პოლიტტექნოლოგიებით იმართება.  

 

- ამ პროცესებში რუსთის მთავრობის ინტერესებს თუ ხედავთ?

 

- ეს წერილები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს იმ თვალსაზრისით, რომ ამ წერილების ტონი ისეთია, როგორიც ახასიათებს ამერიკულ პოლიტიკურ  ისტემბლიშმენტს. ამის გამო, მათ ხშირად აქვთ პოლიტიკურ ელიტასთან უსიამოვნება. თუმცა, ეს ვითარებას არ ცვლის. 

 

ახლა წარმოდგინეთ, ამერიკამ დახმარება შეუწყვიტა საქართველოს. ეს ხომ არ იქნება კარგი?! რუსეთის წისქვილზე ასხამს თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამაზე შეიძლება ქვეყნის შიგნით ვისაუბროთ. როდესაც ვხედავთ, რომ დასავლეთის ქმედება ხშირად არის არაადეკვატური, რომ რუსეთის წარმომადგენელი ევროპის საპარლამენტო ანსამბლეის ხელმძღვანელის მოადგილე ხდება და არ გადის რუსეთის  სანქციების საკითხი ევროპულ სტრუქტურებში, უნდა მივხვდეთ და გადავეწყოთ. რაც მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეულ წილად უნდა მივიღოთ ის თამაშის წესები, რომელსაც აწესებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. 

 

- რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ წერილების საპასუხოდ?

 

- ჩვენ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ წერილის პათოსის გარშემო და შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. რაც ტყუილია, იმის დეზავუირება უნდა მოხდეს და რაც სიმართლეა, იმის გამოსწორებაზე იზრუნოს დღევანდელმა ხელისუფლებამ.  ამაში კი,  ყველა რესურსი უნდა იყოს გამოყენებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner