თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყაზბეგიდან ჩინელი ტურისტების ცხრაკაციან ჯგუფს ელოდებიან, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებით გადმოჰყავთ. მიზეზი ჯგუფში შემავალი ორი ბავშვისთვის ტემპერატურის დაფიქსირებაა.
აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პირველ არხს ყაზბეგში მყოფმა მოქალაქეებმა მიაწოდეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ დაადასტურა, თუმცა მისივე განცხადებით, აღნიშნული ფაქტი არ განეკუთვნება კორონავირუსის სავარაუდო ან საეჭვო შემთხვევას. პაატა იმნაძის განმარტებით, ტურისტები არიან ჩინეთის იმ პროვინციიდან, სადაც ვირუსი არ არის დაფიქსირებული და უხანიდან 1300 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. იმნაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში კორონავირუსის ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს, აღნიშნულ პირებს დააკვირდებიან და შესაბამის გამოკვლევებს ჩაუტარებენ.
საქართველოს პირველი არხი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსაც დაუკავშირდა, სადაც ასევე დაადასტურეს, რომ ელოდებიან ცხრაკაციანი ჯგუფის მიღებას. მათი ინფორმაციით, აღნიშნული, სავარაუდოდ, არ უკავშირდება კორონავირუსის საეჭვო შემთხვევას, თუმცა, არსებული სტანდარტის თანახმად, მოხდება მათი იზოლირება, მათზე დაკვირვება და შესაბამისი ანალიზების ჩატარება. კლინიკის ინფორმაციით, ტურისტთა ჯგუფი საქართველოში ბაქოდან 25 იანვარს შემოვიდა, ბაქოში კი ჩინეთიდან 21 იანვარს ჩავიდა.