logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: ბრიუსელში და სტრასბურგშიც საქართველოს პროგრესს აღიარებს ყველა
- +

30 იანვარი. 2020. 23:58

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის წევრმა, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ  ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე განხილულ რეზოლუციის პროექტზე ისაუბრა.

 

ის რაც იყო განხილული მონიტორინგის კომიტეტზე არის რეზოლუციის პროექტი და არ არის საბოლოო რეზოლუცია. ეს არის მხოლოდ სამუშაო ვერსია. მოკლებული ვარ შესაძლებლობას ვისაუბრო იმ დეტალებზე, რაც იქნა გაჟღერებული მონიტორინგის კომიტეტზე, რადგან ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პროგრესი დემოკრატიის კუთხით დაფიქსირებულია. იყო რამდენიმე საკითხი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ ეს მიმართულებები ამ კუთხით რეზოლუციაში არ უნდა აისახოს. ჩვენ უკვე წარვადგინეთ ჩვენი ცვლილებები და ვფიქრობ, რომ ასამბლეის მხრიდან მისი გათვალისწინება მოხდება. საბოლოო რეზოლუცია იქნება ის, რასაც მიიღებს ასამბლეა და ბატონ კანდელაკს წინასწარ ტყუილად უხარია, რომ საქართველოზე უარყოფითი მოხსენება იქნება მიღებული.

 

მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ როდესაც ხდება რეზოლუციის პროექტზე მუშაობა  იქ შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები შევიდეს. არ მახსენდება მონიტორინგის კომიტეტის არც ერთი ქვეყნის რეპორტი, სადაც ქვეყანას არ დაეყენებინოს ცვლილებების შეტანის საკითხი. ეს არის მხოლოდ რეზოლუციის სამუშაო ვერსია და არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. დარწმუნებული ვარ ის უზუსტობები, რაც ამ პროექტშია, გასწორდება და ამის შემდეგ გვექნება რეპორტი, რომელიც რეალურ მოცემულობას ასახავს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრმა ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართულ, ქვეყნის იმიჯის შემლახველ კამპანიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობის გააქტიურება მოუწევს.

 

ევროპარლამენტში, ბრიუსელში და სტრასბურგშიც, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, დემოკრატიული განვითარების კუთხით, საქართველოს პროგრესს აღიარებს ყველა და ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. სამწუხაროა, რომ გარკვეული ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულად ხდება ქვეყნის იმიჯის შელახვა, ეს არის ის რეალობა სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტად ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა სწორი და ობიექტური ინფორმაცია იქნეს მათთვის მიწოდებული. „ქართულ ოცნებას“ აქვს კიდევ უფრო მეტი სამუშაო, იმისთვის რომ ის რეფორმები, სერიოზული დადებითი ცვლილებები და პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს დემოკრატიის კუთხით მიეწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner