ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ყოველგვარი პოეტურ-ფილოსოფიურ-პოლიტოლოგიური შესავლის გარეშე იმ ხალხის გასაგონად, ვინც ლავროვის თბილისში სავარაუდო (ვიმეორებ – სავარაუდო) ჩამოსვლასთან დაკავშირებით ლოზუნგობს, ვიტყვი რომ ფიდელ კასტრო (რომლის წინააღმდეგაც აშშ-მ უამრავი ტერაქტი განახორციელა), ირანის პრეზიდენტები, მუჰამად აბდირ-რაუფ არაფატ ალ-ყუდვა ალ-ჰუსაინი (არაბ.: محمد عبد الرؤوف عرفات القدوة الحسيني) საყოველთაოდ ცნობილი, როგორც იასირ არაფატი და კიდევ უამრავი არასასურველი ლიდერი საერთაშორისო ფორუმების ფორმატში ნიუ-იორკში ჩადიოდნენ და სიტყვითაც გამოდიოდნენ.
(ცნობისთვის ფიდელ კასტროს სიტყვით გამოსვლა გაერო-ში 55 წლის წინ, 1960 წლის 26 სექტემბერს, 4 საათი და 29 წუთი გრძელდებოდა და ეს მძვინვარე ანტიამერიკული გამოსვლა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა).
ლავროვი თბილისში ევროპის საბჭოს მინისტერიალზე ჩამოდის და არა „ხაჩაფურის“ და „ხვანჩქარას“ დასაგემოვნებლად.
მისი მასპინძელი ევროპის საბჭოა და არა საქართველო.
„თუ ის ჩამოვა საქართველოში, შემიძლია გითხრათ, რა დახვდება მას საქართველოში – დახვდება პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, საქართველოში დახვდება ხელისუფლების ძალიან პრინციპული პოზიციები, რომ შეასრულოს რუსეთმა აღებული ვალდებულებები.
ლაროვს საქართველოში დახვდება კონკრეტული დასკვნები და შეფასებები იმ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი მოქალაქეების უფლებები უხეშად ირღვეოდა, იყო მკვლელობები, გატაცებები და უკანონო პატიმრობები“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ და ეს სწორია, ხოლო ის, რას იწიკვინებენ დეკანოიძე და გუგავა, არავის აინტერესებს“, – წერს გაბრიჭიძე.