„ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ორი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1982-ით გაიზარდა და დღევანდელი მდგომარეობით არის 9692 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით მომატებულია სიკვდილიანობა, კორონავირუსით გარდაცვლილია 213 ადამიანი და ასევე დაკვირვების ქვეშ არის რამდენიმე ათასი ადამიანი.
„გუშინ გვიან ღამე დამთავრდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის სხდომა, სადაც დეტალურად იქნა განხილული სიტუაცია ჩინეთში და ჩინეთის გარეთ. კომიტეტმა მიმართა რეკომენდაციით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ბატონ ტედროსს, რომ გამოცხადდეს საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა. ტედროსმა გუშინ ეს მდგომარეობა გამოცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. განგაშის თამასა, რომელიც 10 დღის წინ იყო მხოლოდ ჩინეთისთვის, გავრცელდა მთელ მსოფლიოზე, ანუ საჭიროა, ყველა ქვეყანაში, ყველგან იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა ინფექციის პრევენციისა და ინფიცირებული ადამიანების დასახმარებლად. ჩვენ დღეს და ხვალ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დეტალურ რეკომენდაციების მივიღებთ. ველოდებით, რომ დღის ბოლოსთვის იქნება კონკრეტული რეკომენდაციები იქნება ევროპის 53 ქვეყნისთვის. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ საქართველოს აკეთებდა და აკეთებს ყველაფერს, რასაც დღეს ეს რეკომენდაციები გვეუბნება. ჩვენთან კორონავირუსი არ ფიქსირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.