„მინდა, მოსახლეობა დავამშვიდო, ჩვენ მხოლოდ თეორიული რისკის ზონაში ვიმყოფებით“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პრევენციული ღონისძიებები არის ძალიან მაღალი.
„ჩვენ, საქართველო, მკაცრად ვასრულებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ქვეყანა ითვლება დაბალი საფრთხის შემცველ ქვეყანად, ანუ მწვანე ზონაში ვიმყოფებით, მაგრამ თეორიული რისკები არსებობს. აქედან გამომდინარე, პრევენციული ღონისძიებები არის უმკაცრესი.
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დაინფიცირებული მოქალაქეების შემოსვლა ქვეყანაში არ მოხდეს. თუ დაფიქსირდა, მე ვუშვებ მხოლოდ თეორიულ შანს, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ქვეყანა მზად არის ამისათვის. არის შესაბამისი ადამიანური რესურსი, მედიკამენტები, კლინიკები. მინდა, მოსახლეობა დავამშვიდო, ჩვენ მხოლოდ თეორიული რისკის ზონაში ვიმყოფებით. მაღალი რისკის ქვეყნიდან შემოსული ყველა მოქალაქის შემოწმება ხდება. თეორიულ რისკებსაც კი ვაზღვევთ, პრევენციული ღონისძიებებიც არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.