logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის იმ სიმპტომებს ასახელებს, რომლითაც ის სხვა ვირუსებისგან განსხვავდება
- +

31 იანვარი. 2020. 17:32

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ახალი კორონავირუსის იმ სიმპტომებს ასახელებს, რომლითაც ის სხვა ვირუსებისგან განსხვავდება.

 

თენგიზ ცერცვაძის თქმით, მაგალითად, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია ძალიან ჰგავს გრიპს, მაგრამ გრიპისგან განსხვავებით, მას უეცარი დასაწყისი არ ახასიათებს. მისი თქმით, გრიპი, როგორც წესი, უეცრად იწყება, ხოლო, კორონავირუსი - თანდათან. ამასთან, ცერცვაძის თქმით, გრიპის დროს ხშირია თავის ტკივილი, კორონავირუსის დროს კი შედარებით იშვიათია თავის ტკივილი, ასევე გრიპის დროს შესაძლოა, დიარეა იყო, რაც კორონავირუსის დროს იშვიათია.

 

„ასევე, გაციებითი დაავადებებისგან განსხვავებით, კორონავირუსს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, რაც ე.წ. გრიპისმაგვარ დაავადებებს არ ახასიათებთ. აგრეთვე, ახასიათებს მეტი ინტოქსიკაცია. ეს ის ნიუანსებია, რომლითაც მხოლოდ გამოცდილ ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ საბოლოო და განმსაზღვრელი არ არის. საბოლოო და განმსაზღვრელი მაინც არის რენტგენოლოგიურად მძიმე პნევმონიის დადგენა. ყველაზე ზუსტი შედეგია ლაბორატორიული გამოკვლევა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ამასთან, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, შეძლება მიმდინარეობდეს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ფორმით.

 

„არ არის აუცილებელი, ყველა შემთხვევა მძიმედ მიმდინარეობდეს. მსუბუქ შემთხვევაში მას აქვს იგივე სიმპტომები, რაც აქვს დაახლოებით მწვავე რესპირაციულ ინფექციებს სხვა ფაქტორებით გამოწვეულს, ხოლო მძიმე შემთხვევებში მას აქვს იგივე კლინიკა, რაც მწვავე რესპირაციული ინფექციით გამოწვეულ ინფექციებს. კერძოდ, ეს სიმპტომებია: ტემპერატურის მომატება, ხველა. შეიძლება იყოს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, კუნთების და თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ინტოქსიკაციის შეგრძნება, ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია სუნთქვის გაძნელება, ეს უნდა იცოდეს მოსახლეობამ და ექიმებმაც. ეს ძალიან სერიოზული სიმპტომია, ვინაიდან კორონავირუსით ინფექციას ახასიათებს ერთ-ერთი მთავარი ნიშანი - სუნთქვის გაძნელება, რაც გამოიხატება სუნთქვის გახშირებით, ხმაურიანი სუნთქვით, სუნთქვის პროცესში დამხმარე კუნთების მონაწილეობით, ნესტოების შებერვით და ა.შ. სუნთქვის გაძნელება, ერთი მხრივ, შეიძლება მიუთითებდეს კორონავირუსით ინფექციაზე, ხოლო მეორე მხრივ მიუთითებს ნებისმიერი მძიმე, მწვავე რესპირაციული ინფექციის დამძიმებაზე და არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენება იმისთვის, რომ მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner