რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, არ განიხილავს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის ადგილის სტრასბურგით შეცვლის საკითხს, რომელიც მაისში თბილისშია დაგეგმილი.
რუსული გამოცემა “კომერსანტი” წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ გამორიცხავს, ევროსაბჭოს მიმართოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის სტრასბურგში ჩატარების თხოვნით და ამ გზით თავი აარიდოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შესაძლო ვიზიტს. თავად სერგეი ლავროვის მაისის გრაფიკი კი ჯერ დაზუსტებული არ არის.
“კომერსანტი” ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული ორი წყაროსგან მიიღო, მათ შორის, საქართველოს პარლამენტიდან. “კომერსანტის” ცნობით, უფრო ადრე წყარომ რუსეთის ხელისუფლებიდან მათ უთხრა:
“შანსი, რომ სერგეი ლავროვი ყველაფრის მიუხედავად მაინც გადაწყვეტს თბილისში წავიდეს, მაღალი არ არის”.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ არანაირი კომუნიკაცია მინისტერიალის გადატანასთან დაკავშირებით არ ყოფილა და საქართველოს ხელისუფლება ასეთ შესაძლებლობას არ განიხილავს.
“არ განვიხილავთ [ასეთ შესაძლებლობას], მინისტერიალი აქ ჩატარდება. ეს გადაწყვეტილია და არაფერი შეიცვლება”, – განაცხადა აბაშიძემ.
მიმდინარე წლის 14-15 მაისს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრას უმასპინძლებს. მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. ის აერთიანებს ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ან მათ მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენლებს სტრასბურგში.
შესაბამისად, საქართველოში შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეწვიოს, რომელსაც დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, შიდა კანონმდებლობის გვერდის ავლით და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის ზოგიერთ წევრს შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა ერთადერთი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს მიერ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის 6-თვიან ვადაში თბილისში გაიმართება და არა – სტრასბურგში. ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელის, დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, საქართველომ სწორედ რუსეთის დელეგაციებთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით უარი თქვა ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩასატარებელი სხვა ღონისძიებების თბილისში გამართვაზე. ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მინისტრთა კომიტეტის ვიზიტიც აცილებადი იყო და ახლაც არის, თუ ევროპის საბჭოს მივმართავდით მისი სტრასბურგში გამართვის თხოვნით.