სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით 30 იანვარს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ სადემონსტრაციო ნაკვეთების ეროვნული ქსელის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა ადგილობრივი ფერმერებისთვის სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მარტივ და შეუზღუდავ წვდომას, რაც ხელს შეუწყობს მათი განათლების დონის ამაღლებას და ფერმერულ მეურნეობებში თანამედროვე ტექნოლოგიების და ახლებური მიდგომების დანერგვას.
შეხვედრაზე გადაწყდა შეიქმნას სადემონსტრაციო ნაკვეთების ეროვნული ქსელი, რომელიც ექსტენციაში ჩართულ უწყებებს გააერთიანებს. ასევე, შეიქმნება სადემონსტრაციო ნაკვეთების ერთიანი რუკა და მინდვრის დღეების კალენდარი, რაც რეგიონების მიხედვით დაინტერესებულ ფერმერებს საშუალებას მისცემს, მათთვის საინტერესო კულტურებზე, მათ მოყვანა-გაშენებაზე, მსოფლიოში არსებული უახლესი ცოდნა და გამოცდილება გაიზიარონ უშუალოდ სადემონსტრაციო ნაკვეთებში.
აგრეთვე იგეგმება სადემონსტრაციო ნაკვეთების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა, რომელიც ფერმერებს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გარდა, სრულ ინფორმაციას მიაწვდის ნაკვეთზე მოყვანილი კულტურების შესახებ.
საკოორდინაციო შეხვედრაზე აღინიშნა თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე მიდგომების დანერგვას ფერმერულ მეურნეობებში, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ფერმერებს ასევე მთლიანად სოფლის მეურნეობის განვითარებას.