logo_geo
eng_logo
როგორ ესხმიან თავს ე.წ. „მთავარი არხის“ ჟურნალისტები რესპონდენტებს
- +

1 თებერვალი. 2020. 15:16

 

„POSTV“-ის „მედიარენტგენი“ ე.წ. „მთავარი არხის“ ინტრიგნულ კითხვებზე და ასგზის გაჟღერებულ ტყუილზე - გადაცემა ბამბუკის ხეების თემაზე ე.წ. „მთავარი არხის“ რეპორტაჟს აკრიტიკებს.

 

„გუშინ, ერთ-ერთი „მთავარარხელი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მისეულად, ჩვეულად და ინტრიგნულად დაესხა თავს, ცინიკური დამოკიდებულებებითა და კითხვებით. რაც მთავარია, ამ რეპორტაჟში, რომელიც ე.წ. „მთავარმა არხმა“ დიდი სიამაყით ააფრიალა 6-საათიან გამოშვებაში, კონტექსტით „აი, მინისტრი როგორ საუბრობს ჟურნალისტებთან“, ნათლად ჩანს, როგორ აგდებით ამყარებს კომუნიკაციას ამ არხის ჟურნალისტი მინისტრთა კაბინეტის წევრთან და როგორ ცდილობს გამოიყვანოს ის წყობიდან. ასეთ რაღაცებს მიჩვეულები ვართ, რადგან უკვე წლებია ვუყურებთ, როგორ იქცევიან რესპონდენტებთან ამჯერად ამ არხის, ხოლო იქამდე გვარამიასეული „რუსთავი-2“-ის თანამშრომლები. იქიდან გამომდინარე, რომ მათთან საუბარი შეუძლებელია, რესპონდენტებიც, ბუნებრივია, თავს არიდებენ ნებისმიერი სახის კომენტარის გაკეთებას მათთან, პირველ რიგში იმიტომ, რომ ყველაზე ნათლად, მარტივად, გასაგებად გაკეთებულ კომენტარსაც კი ისე ჭრიან, ამახინჯებენ და აკერებენ ერთმანეთს, რომ სრულად კარგავენ კონტექსტს და ჩვეულებრივი მოვლენების ფალსიფიკაციით არიან დაკავებულ-გართულები.... და მეორე - სწორედ ასეთი ისტერიული მივარდნების და ინტრიგნული, მათი აზრით „გამომჭერი“ დამოკიდებულებების გამო“, - ამბობს გადაცემის წამყვანი და რესპონდენტებზე თავდასხმის ფაქტებს იხსენებს.

 

გადაცემის წამყვანის ლიზა გეგეჭკორის თქმით, თემა, რომლის გასკანდალურებაც ე.წ. „მთავარმა არხმა“ და მისმა ჟურნალისტმა უკვე მერამდენედ სცადეს, ისევ ხეებს ეხება, რომლებზეც არაერთი რამ თქმულა, დაწერილა, გადაღებულა და გაშუქებულა.

 

„ხეების თემას ჯერ კიდევ გვარამიასეული „რუსთავი-2“ დასდევდა და როდესაც კოვზი ნაცარში უვარდებოდათ, ხმამაღალი საკადრო ტექსტებითა და ფეიქ-ნიუსებით ირჩენდნენ თავს. ცხადია, ერთსა და იმავე არღანს ატრიალებს გვარამია-სააკაშვილის არხი. ეს სიმღერა, ანუ კონკრეტულად ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ზღვისპირეთს ანადგურებს, უკვე მოსმენილი გვაქვს, მაგრამ ამჯერად მას უკვე მოჭრილი ბამბუკების თემაც დაემატა. ვნახოთ ჩვენს მიერ ახლო წარსულში მომზადებული ვიდეო აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რადგან ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო, ამბობენ და მეც ჩემი მხრივ, პირობა მაქვს მოცემული, რომ ამ გადაცემაში ფეიქ-ამბების მხილება, მხოლოდ ფაქტებით მოხდებოდა. პირველი, რაც უნდა ვთქვათ, არის ის, რომ გურიაში, წვერმაღალას პარკში ბამბუკის ტყის გასაშენებლად ადგილობრივ მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილმა 1 750 000 ლარი გადაუხადა, რის გამოც ბამბუკის ფასი 20-ჯერ გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მილიონ ლარზე მეტი დაჯდა ამ პარკთან მისასვლელი უმაღლესი სტანდარტების ბეტონის 2-კილომეტრიანი გზა წვერმაღალაში, რომელიც გაკეთდა სპეციალურად მოსახლეობისთვის“, - ამბობს ლიზა გეგეჭკორი და ადგილობრივი მოსახლეობის კომენტარებსაც გვთავაზობს, რომლებიც კმაყოფილები არიან შეთავაზებით და იმით, რომ მათ ოჯახში შემოსავალი შევიდა.

 

შესაბამისად, მისი თქმით, ბამბუკების ხსენება ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნეგატიურ კონტექსტში ისეთი აბსურდია, რომელიც ეგრეთ წოდებული „მთავარი არხისგანაც“ გიკვირს ადამიანს.

 

გადაცემის ავტორი მინისტრის მხრიდან „ძველბიჭურ ტერმინოლოგიას“ ვერსად ხედავს, როგორც ამას ე.წ. „მთავარი არხის“ წამყვანი ამბობს და აქვე ნიკა გვარამიას ვიდეოს იხსენებს, სადაც იგი კოჭების დახვრეტით იმუქრება.

 

რაც შეეხება წამყვანის ნათქვამს, რომ მილიონერი საკუთარ ეზოში ბამბუკის ხეებს რგავს, ლიზა გეგეჭკორს აინტერესებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და პარკი როდიდან გახდა „მილიონერის ეზო“, რა საერთო აქვს საკუთარ ეზოს, რომელიც წვერმაღალას შემთხვევაში უკვე გახსნილია და ხალხი, ადგილობრივებიც და ტურისტებიც სეირნობენ, და დენდროლოგიური პარკის შემთხვევაში, რომელიც, სულ მალე გაიხსნება.

 

„ძალიან უხერხულია, ასე აშკარად გძულდეს პროგრესი მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ან შენს ხელმძღვანელობას ეს არ აწყობს. ასევე უკიდურესად უხერხულია, ესხმოდე თავს რესპონდენტებს ცინიზმითა და ქილიკით და კითხვებს ასეთი ფორმით უსვამდე მინისტრთა კაბინეტის წევრებს. ეს მინისტრის შეურაცხყოფა კი არა, საკუთარი არხის, თავის, მიკროფონისა და პროფესიონალიზმის შეურაცხყოფაა. ასეთ არხზე ერთი წამიც კი ვერ ვიმუშავებდი, თუმცა, ყველას თავისი გზა და არჩევანი აქვს. დაველოდოთ, რა მორიგ მარგალიტს შემოგვთავაზებენ ე.წ. მთავარარხელები ამ არაჩვეულებრივი პარკის გახსნის დღეს. სავსებით შესაძლებელია, მუყაოს ყუთებით ხეების გამანადგურებელი კალიები მიიყვანონ და ეს სილამაზე გაანადგურებინონ მხოლოდ იმიტომ, რომ სასკანდალე, ცხელ-ცხელი მასალა ჰქონდეთ“, - ამბობს ლიზა გეგეჭკორი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner